ლევან კალანდაძე: შესაძლოა, სერიოზული ინფლაციური პროცესები განვითარდეს

დღეს ამ გაურკვევლობამ და შოკებმა ლარი კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია, სერიოზული ინფლაციური პროცესები განვითარდეს, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ განაცხადა. როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ის, რომ ეროვნული ბანკი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, "არის საკითხისადმი ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება".

"ასე არ უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლიანი ორგანო, რომლის ხელშიც არის პრაქტიკულად, ყველა მონეტარული ინსტრუმენტი, რომელიც ლარის კურსზე გავლენას ახდენს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი მოლოდინებს უკავშირდება. ბუნებრივია, როცა ეროვნული ბანკის ოფიციალური და კომერციული ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში არსებული კურსები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ეს არის პირველი ნიშანი და პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ ბიზნესს, სავალუტო ტრეიდერებს, საზოგადოებას აქვს მკვეთრად უარყოფითი მოლოდინები უახლოეს პერიოდში ლარის კურსის განვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, როცა ასეთი რამ ხდება, ეროვნული ბანკის ვალია შესაბამისი, ადეკვატური ზომები გაატაროს", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ლართან მიმართებაში არის სავალუტო ბარზარზე ე.წ. შოკებისა და პანიკური სპეკულაციური ფაქტორის მოხსნა. "დღეს სავალუტო ბაზარზე წმინდა სპეკულაციური მდგომარეობაა, რაც განპირობებულია ნეგატიური მოლოდინებით. მაგალითად, ლარის კურისის გუშინდელი ე.წ. შოკური ნახტომისებური ცვლილება, არანაირ ლოგიკაში და არანაირ ეკონომიკურ კანონზომიერებაში არ ჯდებოდა. მითუმეტეს, რომ გუშინ იყო სავადო დღგ-ს გადახდა. ამ დროს ლარზე მოთხოვნა უნდა გაიზარდოს და პირიქით, დოლარზე მოთხოვნა იზრდება. ეს ყველაფერი ბაზარზე ასეთი შოკური ფაქტორის სახით ვლინდება", - განაცხადა კალანდაძემ.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ეროვნული ბანკის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა შოკის მოხსნა. "სავალუტო რეზერვი, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს, სწორედაც რომ შოკების მოხსნის დროს უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ საპირისპირო სურათს ვიღებთ. ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს მაშინ იყენებს, როცა შოკები გადავლილია. ეროვნულ ბანკს წინასწარ უნდა გაეთვალა და ანტიშოკური ღონისძიება უნდა გაეტარებინა. მთავარია ის, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა არ არის მიმართული ქვეყანაში ლარზე მოთხოვნის ზრდაზე. პირიქით, ეროვნული ბანკის რეფინანსირების პოლიტიკა პირდაპირ უბიძგებს და ახალისებს დოლარზე მოთხოვნის გაზრდას", - აღნიშნა კალანდაძემ.

ლევან კალადაძე თქმით, ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. პირველი ის, რომ თუ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის აუცილებლობაა, ეს უნდა გაიცეს დოლარში და არა ლარში. მეორე - ეროვნულმა ბანკმა არაჰეჯირებული სესხები უნდა შეზღუდოს, ანუ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, მათთვის დოლარში სესხის გაცემა შეიზღუდოს.  როგორც ექსპერტმა აღნიშნა, დღევანდელ ვითარებას, რა თქმა უნდა, განაპირობებს საგარეო ფაქტორები, თუმცა, მისი თქმით, ანტისპეკულაციური ხარისხის შემცირებისთვის ეროვნულმა ბანკმა სტრატეგია ვერ შეიმუშავა.  "მისი პოლიტიკა სავალუტო პრობლემებისადმი არის სავსებით წუნდებული და არაეფექტური. ბოლო ორი თვის განმავლობაში მას არ გამოუყენებია სავალუტო ინტერვენცია, მაშინ როცა შოკი ორი კვირის წინაც და გუშინაც იყო. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ჯანსაღი კომუნიკაცია დაამყაროს საზოგადოებასთან, ესაუბროს და აუხსნას, რა პრობლემაა და რა იგეგმება, რათა ნეგატიური მოლოდინები მაქსიმალურად გავაქარწყლოთ. მეორე - გამოიყენოს ის ინსტრუმენტები, რომელიც მის ხელთაა", - განაცხადა კალანდაძემ.

კითხვაზე - ეროვნულ ბანკთან ერთად რამდენად მნიშვნელოვანია მთავრობის კომუნიკაცია საზოგადოებასთან, როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკი და აღმასრულებელი ხელისუფლება კოორდინირებულად არ მუშაობენ, ორივეს აქვს კომუნიკაციაში სერიოზული პრობლემა.  "ბუნებრივია, საზოგადოება გაურკვეველ მდგომარეობაშია. შესაბამისად, გაურკვევლობა ბადებს სწორედ ნეგატიურ მოლოდინებს. დღეს ამ გაურკვევლობამ და შოკებმა ლარი კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია, სერიოზული ინფლაციური პროცესები განვითარდეს. ეკონომიკა, განსაკუთრებით კი, ფინანსები არის სოციალური კატეგორია და სოციუმის განწყობებს არა გადამწყვეტი, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ლარის კურსის ფორმირების თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი, აღმასრულებელი ხელისუფლება ძალიან აქტიურად უნდა იყოს კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, რადგან ის ნეგატიური მოლოდინები, რაც დღეს ჩამოყალიბდა, ძალიან სერიოზულ დაწოლას ახდენს ლარის კურსზე. ეს მოლოდინებია გასაქარწყლებელი. ვთვლი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს უახლოეს საათებში თუ არა, დღეებში მაინც და გაკეთოს კონკრეტული განცხადება", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა არის სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარება და იმ მონეტარული ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენება, რაც დღეს გვაქვს.  როგორც კალანდაძემ აღნიშნა, კომპლექსური დაგეგმვით, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელია, რომ გარკვეული გამოწვევევი და პრობლემები გადალახული და დაძლეული იქნას.  "ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლარი გამყარდება და დოლართან მიმართებაში 1.8 ნიშნულზე ჩამოვა, მაგრამ თავიდან ავიცილებთ შოკებს და ამ შოკებით გამოწვეულ ნეგატიურ მოლოდინებს, რომელიც ლარის კურსის გაუფასურების მაპორვოცირებელია", - განაცხადა კალანდაძემ.

კითხვაზე, თუ არ მოხდა ღონისძიებების გატარება, რა გველოდება მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში, კალანდაძემ განმარტა, რომ თუ პოლიტიკის ეფექტიანობა არ გაიზარდა და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება არ მოხდა, ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო ზემოთ წავა.  "თარგეთირებული გვქონდა 5%-იანი წლიური ინფლაცია, რომელიც დაძლეულია და დღეს ინფლაცია უკვე 5%-ზე მეტია. ანუ ამ ნაწილში სერიოზული რისკები უკვე გვაქვს. საშუალოვადიან პერიოდში თუ პოლიტიკის ეფექტიანობა არ გაიზარდა და არ გამოვიყენეთ ის ინსტრუმენტები, რაც გვაქვს, მივიღებთ იმას, რომ ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო ზემოთ წავა. ეს ხდება თან მაშინ, როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტი იაფდება, რაც ჩვენთვის დადებითი ფაქტორია. ჩვენ ვართ ნავთობპროდუქტების შემომტანი ქვეყანა, რაც საგადამხდელო ბალანსზე პოზიტიურად აისახება. ამ პირობებში კი, როცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი იაფდება, ჩვენთან ინფლაციის ტემპი მაღალი გვაქვს. არადა ახლა პირიქით უნდა იყოს, ინფლაციის ტემპი ქვემოთ უნდა წამოვიდეს, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვლილება დადებითად უნდა აისახებოდეს. ეს, პირველ რიგში, გამოიწვევს იმას, რომ პირველადი მოხმარების პროდქტები მნიშვნელოვნად გაძვირდება. პირველადი სერვისები, მათ შორის, ჯანდაცვა, კვების პროდუქტები მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუძვირდება და ცხოვრების გაძვირების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს არ არის გრძელვადიანი პერსპექტივა. ეს არის მოკლე და საშუალოვადიანი პერიოდი, ანუ წლის ბოლომდე დარჩენილი პერიოდისთვის შესაძლებელია, ეს ყველაფერი სერიოზული პრობლემების სახით წარმოჩინდეს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სხვადასხვა ფენების გადახდისუნარიანობის ხარისხს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი სავალუტო კრიზისის გაღრმავების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენ სახეზე გვაქვს იმის ნიშნები, რომ სავალუტო კრიზისი შეიძლება გაღრმავდეს", - განაცხადა კალანდაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4170 ლარი გახდა. სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.47-2.50 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ზოგიერთ მათგანში 1 დოლარის ღირებულებამ 2.54 ლარს მიაღწია.