პეტრე ცისკარიშვილი: საქართველოდან ინვესტორები გარბიან

საქართველოდან ინვესტორები გარბიან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ცისკარიშვილმა ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო, თავისი გაურკვეველი პერსპექტივით, აღარ არის მიმზიდველი ბიზნესმენებისთვის. "პრივატიზაცია ავიღოთ. დაგეგმილის 20-25 პროცენტიც ძლივს შესრულდა, რადგან კერძო სექტორიც კი, ვინც უკვე ინვესტორია, გარბის და ახალი არავინ შემოდის. ინვესტორებისთვის, ბიზნესმენისთვის ეს გაუგებარი პერსპექტივის მქონე ქვეყანა აღარ არის მიმზიდველი, ვინაიდან სტაბილურობის განცდა აღარ არსებობს და მთავრობასაც არც რაიმე ხედვა გააჩნია მომავალთან დაკავშირებით", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა უშუალოდ ლარის გაუფასურებაზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ გაუსაძლისი გახდა მათი ცხოვრება, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული.