გიორგი კეპულაძე: თუ ასე გაგრძელდა, მდგომარეობა შესაძლოა, სოციალურ აფეთქებამდეც მივიდეს

თუ ასე გაგრძელდა, მდგომარეობა შესაძლოა, სოციალურ აფეთქებამდეც მივიდეს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ განაცხადა.  "ოფიციალური და საბაზრო კურსს შორის სხვაობა არის ჩვეულებრივი მოვლენა, რადგან ეროვნული ბანკის კურსი დგება წინ დღეს, ანუ გუშინ 17:00 საათისთვის რა ოფიციალური კურსიც დაფიქსირდა და ეს მოქმედებს დღესაც, საბაზრო კურსი ამას, რა თქმა უნდა, არ ელოდება და ცვლილებები ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე ვაჭრობა 24 საათის რეჟიმში მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ დღეს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი საბაზრო კურსს დაუახლოვდეს", - განაცხადა კეპულაძემ.

"საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გამოსავალს ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების გაზრდაში ხედავს.  "საჭიროა, ზრუნვა იმაზე, რომ ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები გაიზარდოს. განსაკუთრებით კი ისინი, რაზეც ჩვენ ზეგავლენის მოხდენა შეგვიძლია. შეიძლება, გზავნილებზე განსაკუთრებული ზეგავლენა ვერ მოვახდინოთ, მაგრამ რაც შეეხება ინვესტიციებს, ექსპორტის ზრდას, ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება აუცილებელია. უნდა დაჩქარდეს მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რომლებიც საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება", - განაცხადა კეპულაძემ. მისივე თქმით, აუცილებელია, მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა.  "დღეს მოსახელობას, ბიზნესს გაუარესებული, პესიმისტური მოლოდინები აქვს. ისინი ამის შესაბამისად იქცევიან და ცდილობენ, უცხოური ვალუტა არ დახარჯონ და პირიქით, დააგროვონ. ამისთვის საჭიროა, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად იმუშავონ და აჩვენონ მოსახლეობას, უცხოელ ინვესტორებსაც, ბიზნესსაც, რომ ისინი გადაწყვეტილებებს ერთიანად იღებენ, რომ მათი მუშაობა კოორდინირებულია", - განაცხადა კეპულაძემ.

"საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე წინასწარ პრგონოზს არ აკეთებს, თუმცა ვარაუდობს, რომ ინფლაციური პროცესები გაღრმავდება.  "მიზნობრივ ინფლაციას ჩვენ აგვისტოში უკვე გადავცდით. დღეს ინფლაცია 5.4%-ია. სამწუხაროდ, ფასები იმატებს ძირითადად პირველადი საჭიროების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, ჯანდაცვაზე. ინფლაციაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა, ამ პროცესის გაღრმავებას, რა თქმა უნდა, ველოდებით, თუ დროულად ნაბიჯები არ გადაიდგა. შესაძლოა, ანალიტიკოსებმა ბევრი ვერსია და ვარაუდი გამოვთქვათ, მაგრამ მთავარია, მათი მუშაობა, რომლებიც უშუალოდ აკონტროლებენ ქვეყნის ფინანსებს, ვალუტის შემოსვლასა და გადინებას. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, რამდენიმე ანალიტიკოსის აზრს გაითვალისწინებს, რადგან თუ ასე გაგრძელდა, მდგომარეობა შესაძლოა სოციალურ აფეთქებამდეც მივიდეს იმიტომ, რომ მოსახლეობის მსყიდველობისუნარიანობა ძალიან გაუარესებულია, შემცირებულია შემოსავალი, ხარჯი გაზრდილია, რაც ისეთი მყიფე პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის მქონე ქვეყნას, როგორც ჩვენ ვართ, კარგად არაფერს მოუტანს. ამაზე უნდა იზრუნოს მთავრობამ. მოდის საარჩევნო წელი. ეს ეკონომიკისთვის დამატებითი ზეწოლაა. აუცილებელია, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან პრაგმატული და სწორი გზავნილები მოდიოდეს", - განაცხადა კეპულაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4170 ლარი გახდა. სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.47-2.50 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ზოგიერთ მათგანში 1 დოლარის ღირებულებამ 2.54 ლარს მიაღწია.