ყაზახეთის სავალუტო გადამცვლელ პუნქტებში დოლარისა და ევროს გაყიდვა შეაჩერეს

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანასა და ალმა-ატაში დეფიციტის გამო დოლარისა და ევროს გაყიდვა შეაჩერეს.

„ერთი დოლარის გაყიდვის კურსი დღეისთვის 297 ტენგეა, თუმცა ამ ეტაპზე დოლარისა და ევროს დეფიციტია“, - აცხადებენ ადგილობრივ გადამცვლელ პუნქტებში.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ზოგიერთ ჯიხურში უკვე რამდენიმე დღეა დოლარისა და ევროს დეფიციტი აქვთ.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა დოლარისა და ევროს ყიდვის მსურველებმა“, - აღნიშნავენ ასტანას ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში.

ალმა-ატის სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის კურსი ტენგესთან მიმართებაში 285-დან 296 ტენგემდეა, ასტანაში კი ერთი დოლარი 290 ტენგედ იყიდება.

ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე დღეს დილით ტენგეს საშუალოწონადი კურსი დოლართან მიმართებაში 2,5%-ით დაეცა, რაც სარეკორდო მინიმუმია.