ბაკურიანში პირველი აკვა-პარკი აშენდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაბა ბაკურიანს ეწვია და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, მათ შორის დიდველზე მიმდინარე სამუშაოები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საპროექტო ტერიტორია მოინახულა, სადაც მრავალფუნქციური გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება.  როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ინვესტორს სურვილი აქვს, ააშენოს აკვა-პარკი, ველნესცენტრი და ფიტნესცენტი.  "პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სრიალის შემდგომი დასვენების ადგილები გაჩნდეს ბაკურიანში. ეს არის განვითარების შემდეგი ფაზა იმისთვის, რომ დამსვენებლებმა სრიალის შემდგომ თავისუფალი დრო შინაარსიანად გაატარონ", -აღნიშნა მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, შეთანხმება შედგა ინვესტორთან და გაკეთდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის გენერალური განაშენიანების გეგმა, რომელიც შემდეგში საინვესტიციო ხელშეკრულებას დაერთვება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს მეტი რწმუნება იქნება სახელმწიფოსთვის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე განაშენიანება მოხდება არა ქაოტური, არამედ მიზანმიმართული და წინასწარშეთანხმებული გეგმით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა ინვესტორმა ნოდარ გიორგაძემ. მისი განცხადებით, აკვა-პარკის მშენებლობის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა და ის ბაკურიანს მთელი წლის განმავლობაში მოემსახურება. "აკვა-პარკი პირველ ეტაპზე ერთდროულად მიიღებს 500-600 ადამიანს, თუმცა, როგორც ინვესტორმა აღნიშნა, ბაკურიანის ბუნება და ლანდშაფტი უნიკალურია სპორტსმენებისთვის და არამარტო აკვა-პარკის, არამედ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის საშუალებასაც იძლევა - გასართობ-დასასვენებელი, სავაჭრო და საბავშვო ცენტრების, ასევე სასტუმრო კომპლექსის, საკონფერენციო დარბაზების, ფიტნესის სპეცდარბაზების და ა.შ.", - აცხადებენ სამინისტროში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ინვესტიცია რამდენიმე მილიონ დოლარს მოიცავს და ის ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპი აკვა-პარკის მშენებლობას ითვალისწინებს. მისი სამშენებლო სამუშაოები უკვე გაზაფხულზე დაიწყება, მომავალი ზამთრის სეზონზე კი ვიზიტორებს უკვე შეეძლებათ აკვა-პარკით სარგებლობა.