ეკონომიკის სამინისტროსა და სასტუმრო "რიქსოს ბორჯომს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს ბორჯომს ეწვია, სადაც თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიასა" და სასტუმრო "რიქსოს ბორჯომს" შორის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა კოორდინირებულ მუშაობას, რომელიც ხელს შეუწყობს ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტის პოპულარიზაციას. კერძოდ, ზამთრისა და ზაფხულის ოფიციალურად გახსნილ სეზონზე სასტუმრო "რიქსოს ბორჯომი" დანიშნავს უფასო ავტობუსს (ე.წ. shuttle bus), ბორჯომიდან ბაკურიანის სათხილამურო გზების მიმართულებით. ავტობუსი იმოძრავებს როგორც სამუშაო, ასევე უქმე დღეებში.

აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებას რეგიონში, დამსვენებლების ინფორმირებულობასა და ჩართულობას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს ძალიან კარგი პრეცენდენტია, რომელიც შესაძლებელს გახდის ბორჯომის სასტუმროებიდან ბაკურიანში მუდმივ მიმოსვლას.  "ადამიანებს, რომლებიც ბორჯომში დასასვენებლად თუ სამკურნალოდ გაჩერდებიან, მეტი კომფორტი შეექმნებათ, რათა ისინი ბაკურიანში მოხვდნენ სასრიალოდ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.