ლარის გაუფასურებამ 2015 წლის მაქსიმუმი დააფიქსირა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,4310 ლარი გახდა, რაც მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დღევანდელი მონაცემები დაახლოებით 2 თეთრი ნაკლებია 1999 წლის თებერვლის მაჩვენებელზე, როცა ლარის გაუფასურების მაქსიმალური ზღვარი დაფიქსირდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2,4510 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 1998 წლის დეკემბრიდან დაიწყო და 1999 წლის 23 თებერვალს 1 აშშ დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს - 2.45 ლარს მიაღწია. თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს - 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.

აშშ დოლართან მიმართებაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 1.7542 ლარი იყო.