ბიზნესმენმა რომან ფიფიამ სტიქიით დაზარალებულ 5 ოჯახს ბინები შეუძინა

ბიზნესმენმა რომან ფიფიამ 13 ივნისის სტიქიის გამო უსახლკაროდ დარჩენილ 5 ოჯახს თბილისში ბინა შეუძინა. როგორც  ბიზნესმენ რომან ფიფიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ბინები უკვე შეძენილია და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ოქტომბრის ბოლოს გადაეცემათ. დაპირებისამებრ, როგორც რომან ფიფიამ სტიქიის მეორე დღესვე განაცხადა, ბინები გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში ვერ მოხვდნენ.

"ბიზნესმენმა რომან ფიფიამ ახალაშენებული ბინები თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უკვე შეიძინა. ოქტომბრის ბოლოს, მას შემდეგ რაც დამთავრება რემონტი და საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის შეძენა, შერჩეულ 5 ოჯახს ბინები გადაეცემათ. საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ სახელმწიფო დახმარების პროგრამაში და რომლებსაც ფინანსურად ყველაზე მეტად უჭირს", - აცხადებენ ფიფიას წარმომადგენლები.

რომან ფიფიამ სტიქიით დაზარალებულთათვის განცხადება სტიქიის პერიოდში გააკეთა. "დღეს გლოვის დღეა საქართველოში! მთელი გულით ვუსამძიმრებ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი. მხოლოდ ერთად დგომა და ერთმანეთის დახმარება დაგვაძლევინებს ამ სირთულეებს. ჩვენი, ყველას მოქალაქეობრივი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ჩვენ მზად ვართ, უსახლკაროდ დარჩენილ რამდენიმე ოჯახს შევუძინოთ საცხოვრებელი ფართი, ხოლო წითელი ჯვრის მეშვეობით გავუწიოთ დახმარება. ჩვენი, ყველას მოქალაქეობრივი ვალია სოციალური პასუხისმგებლობის მაქსიმალური გამოვლინება, რაც უბრალოდ ნიშნავს თანადგომას", - აცხადებდა რომან ფიფია.