სემეკმა მოქალაქეებს 63 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოქალაქეებს 63 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ 16 სექტემბრის სხდომაზე მიიღო. კომისიის ინფორმაციით, სხდომაზე განხილული საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერას შეეხებოდა. "ხანდაზმული დავალიანებების შესახებ საჩივრების დიდი ნაწილი წარმოდგენილი იყო "თელასის" წინააღმდეგ, ხოლო რამდენიმე - შპს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის", შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" და შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" წინაღმდეგ",- განმარტეს კომისიაში.

მათივე თქმით, კომისიამ განიხილა მოქალაქეებზე კომპანიების მხრიდან განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების, ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების ვადების დარღვევის, ასევე, საფეხურებრივი ტარიფების შესაბამისად განხორციელებული არასწორი დარიცხვების შესახებ საკითხები.  "კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტმა და ენერგოომბუდსმენის სამსახურმა წარმოადგინა. მთლიანობაში, სხდომაზე კომისიის მიერ ხანდაზმული დავალიანებების სახით ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 61045.24 ლარი, ხოლო სულ მოქალაქეებზე ჩამოწერილმა თანხამ - 63720.7 ლარი შეადგინა", - განაცხადეს კომისიაში.

მათივე თქმით, კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს მიმართონ. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც შეუძლიათ.