საქართველოში შიდა ტურებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა

ბოლო პერიოდში საქართველოში შიდა ტურებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. მოთხოვნის შესაბამისად, ამ მიმართულებით საქმიანობა გაააქტიურეს ადგილობრივმა ტურისტულმა კომპანიებმაც.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, შიდა ტურები არა მხოლოდ უცხოელ სტუმრებს შორის, არამედ ადგილობრივ მომხმარებელს შორისაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„ტურები.ჯი“-ს დირექტორის, ნიკო გოგოლაძის განცხადებით, მათი კომპანია სამი წელია რაც ფუნქციონირებს, თუმცა შიდა ტურებზე მუშაობა მხოლოდ ერთი წლის წინ დაიწყეს.

„ბოლო ერთი წლის მანძილზე დავიწყეთ შიდა ტურების დამუშავება. საკმაოდ დიდი ბაზა გვაქვს და ვეხმარებით როგორც უცხოელ, ისე ქართველ ტურისტებს. მოთხოვნა შიდა ტურებზე ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, სამი წლის წინ ნაკლებად აქტუალური იყო ტურები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე დღით ეწყობოდა. ამ ტიპის ტურებით ძირითადად, ახალგაზრდა თაობა ინტერესდებოდა, ახლა კი მოთხოვნა სხვადასხვა კატეგორიის და ასაკის ადამიანებს გაუჩნდათ“, - აღნიშნა bpn-თან საუბრისას ნიკო გოგოლაძემ.

მისი თქმით, ყველაზე მოთხოვნადი თუშეთი და ყაზბეგია, სადაც ტურისტები ხშირად სეზონის განმავლობაში ორჯერ და სამჯერ ჩადიან. ასევე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს აბუდელაურისა და ბატეთის ტბები.

ვფიქრობ, აღნიშნული ბაზარი მომავალ წელს კიდევ უფრო გააქტიურდება. კონკურენტული გარემო ხელს უწყობს ფასების დაბალანსებას, რაც მომხმარებლისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. დღითიდღე მატულობს ისეთი ტურისტული კომპანიების რაოდენობაც, რომლებიც შიდა ტურებზე აკეთებენ ძირითად აქცენტს“, - განაცხადა ნიკო გოგოლაძემ.

,,შინ-ტურის“ მენეჯერის ნინო არაბულის თქმით, საზაფხულო ტურებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები მოთხოვნაა ზამთრის ტურებზე, რაც ძირითადად ზამთრის საკურორტო ზონების სიმცირით არის გამოწვეული.

„ამ სეზონზე ყველაზე მოთხოვნადი სამეგრელო და მთიანი რეგიონები იყო. თუმცა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელ ტურისტებში ყველაზე პოპულარული ყაზბეგია“, - აღნიშნა ნინო არაბულმა.

ქრისტინე გამთენაძე