"ლარის გამყარება საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრაქტიკულად ყოველდღიურად ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მისი უწყება არის ჩართული და აანალიზებენ არსებულ მდგომარეობას.  "მაკროეკონომიკური პარამეტრებით, დღეს ჩვენ ვართ ლარის გადაფასებაში, ანუ კურსი არის უფრო გაუფასურებული, ვიდრე მაკროეკონომიკური პარამეტრები გვაჩვენებს. მოსახლეობისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის რეალური ციფრები, რომელიც ჩვენ გვიჩვენებს ექსპორტის და იმპორტის ბალანსს. ასევე გვიჩვენებს იმ შემოდინებებს, რომელიც ქვეყანაშია. შესაბამისად, ყველა ამ ციფრიდან გამომდინარე ჩვენს ვალუტაზე წინა წელთან შედარებით, ზეწოლა შემცირებულია 100 - 180 მილიონი დოლარით, შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლოდინების ნაწილში ბაზრის მოთამაშეებმა ვერ მოახერხეს სწორი მოლოდინების ფორმირება, ეროვნული ბანკი თავის მხრივ, ხოლო ცენტრალური ხელისუფლება თავის მხრივ გაატარებს ყველა საჭირო ზომებს, რომელიც გასატარებელია. მათ შორის თუ კიდევ ერთხელ დასჭირდა ქვეყანას და ვალუტას, რომ მოხდეს ცენტრალური ხელისუფლებიდან ბიუჯეტის კორექტირება ჩვენ ამის განხილვასაც დავიწყებთ, თუმცა დღეს არსებული პარამეტრებით რაც გვაქვს, ამის საჭიროება არ არის", - განაცხადა ქუმსიშვილმა.