სამცხე-ჯავახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი ამაშუკელმა მხარის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან ანზორ სვანიძესთან და რევაზ კალაძესთან ერთად ბორჯომში, სოფელ ცემში გზის 2-კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის გზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. საკურორტო ზონაში არსებულ სოფელში, სადაც წლების განმავლობაში არსებობდა შიდა გზის პრობლემა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.

გიორგი ამაშუკელი ქალაქ ბორჯომის ცენტრში სკვერის რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნო და დაბა ბაკურიანსაც ესტუმრა. მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 14 მილიონი ლარი იხარჯება. ამ დროისთვის სამუშაოების 80% უკვე დასრულებულია, წლის ბოლომდე კი ყველა პროექტის ჩაბარება იგეგმება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად მხარეში 11 მილიონი ლარია გამოყოფილი და ჯამში 32 კმ. სიგრძის გზა დაიგება. ხოლო 3 მილიონი ლარი სასმელი წყლის სისტემების 58 კილომეტრიანი მაგისტრალის რეაბილიტაციას მოხმარდება. სულ მხარის მასშტაბით რეგიონული პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 720 მცირე, საშუალო და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.