დიმიტრი ქუმსიშვილი: შევეცდებით, სწრაფი გადაწყვეტილებების ნაწილში, ერთ-ერთი ყველაზე წარმოსაჩენი უწყება გავხდეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სწრაფი გადაწყვეტილებების ნაწილში შეეცდებიან, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმოსაჩენი უწყება გახდნენ. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ ბიზნესი მთავრობისგან უფრო სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს. "რაც შეეხება სწრაფ გადაწყვეტილებებს, ჩემი უწყების სახელით შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სწრაფი გადაწყვეტილებების ნაწილში, ჩვენ შევეცდებით, ერთ-ერთი ყველაზე წარმოსაჩენი უწყება ვიყოთ. რაც შეეხება ბიზნესგარემოს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის განწყობები, რომელიც დღეს ბიზნესს გააჩნია. ციფრები არის ერთი მხრივ, ძალიან დადებითი, ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ წინა წელთან შედარებით, გვაქვს სამუშაო ადგილების ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყნებში არის საკმაოდ ღრმა კრიზისი, ჩვენ წლის ბოლოსთვის გვექნება სავარაუდოდ, 2-დან 3 პროცენტამდე ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ამის შესახებ ერთი კვირის წინ განვაცხადეთ და შესაბამისად, ყველაზე დიდი წილი - 380 მილიონ დოლარზე მეტი განხორციელებულია წარმოებაში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში სწორად მუშაობენ. ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები უნდა იყოს სწრაფი და რაც შეიძლება მეტად ეფექტური. "ამავე დროს მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ შეგრძნებები, რომლებზეც ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, ეს შეგრძნებები სწორად ვმართოთ. სწორ ეკონომიკურ ტრენდზე ვართ და ამას სჭირდება სწორი მხარდაჭერა", - განაცხადა მინისტრმა.