”მერსედესმა” 5 წლის წინ დაკარგული პოზიცია  დაიბრუნა და ”აუდის” გაუსწრო

მსოფლიოს უმსხვილესმა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებლებმა აგვისტოს თვის გაყიდვების მაჩვენებლები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვით გაირკვა, რომ Mercedes-Benz-მა მისი უშუალო კონკურენტი Audi დაამარცხა და 2011 წელს დაკარგული პოზიცია - მეორე ადგილი დაიბრუნა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ”აუდის” გასწრება მიმდინარე წელს რამდენჯერმე შეძლო, საბოლოო მონაცემებით, ის მაინც ჩამორჩებოდა მას. თუმცა აგვისტოს თვის რეკორდულმა გაყიდვებმა (139,802 ) მისი წლიური შედეგი მეტად გააუმჯობესა და კონკურენტი უკან ჩამოიტოვა (Audi 128,650). აღსანიშნავია, რომ ”სამქიმიანებმა” აგვისტოში ასევე ”გადაასწრეს” ”ბავარიელებს” (BMW -135,735), თუმცა წლიურ მაჩვენებლებში მათ ჯერ კიდევ ჩამორჩებიან.

როგორც კომპანია Daimler-ში განმარტავენ, ”მერსედესის” გაყიდვების ზრდა ჩინეთში ახალი C class-ისა და კომპაქტური SUV-ის GLA-ს ადგილობრივმა წარმოებამ გამოიწვია (ეს მოდელები განსაკუთრებით პოპულარულია ამ ქვეყანაში). მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში Mercedes ჯერ კიდევ ჩამორჩება მის კონკურენტებს, მისი ზრდის მაჩვენებელი აგვისტოში შთამბეჭდავი იყო - 53%, რაც ერთეულებში 32,763 ავტომობილს შეადგენს, ამასთან, Audi-ის გაყიდვები ჩინეთში შემცირდა 4.1%-ით 45,196 ავტომობილამდე, ხოლო BMW-ს გაყიდვები მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ქვეყანაში 0.9%-ით შემცირდა და 34,168 შეადგინა.

ანალიტიკოსების აზრით, Mercedes-ი შეინარჩუნებს მეორე ადგილს წლის ბოლომდე და ასე იქნება მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც. რაც შეეხება 2005 წელს BMW-ს სასარგებლოდ დაკარგულ პირველ ადგილს, კომპანია ამ ”ტიტულის” დაბუნებას 2020 წლისთვის გეგმავს.

Mercedes-ის გაყიდვებმა მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 1.19 მილიონი შეადგინა, Audi-ს გაყიდვები 1,18 მილიონია, ხოლო BMW-ს მაჩვენებელი 1,21 მილიონი.

კოკა კვირკველია