გიორგი ჭირაქაძე: ლართან დაკავშირებით მხოლოდ ხელისუფლების და ეროვნული ბანკის დადანაშაულება არასწორია

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ის, რაც ხდება ლართან დაკავშირებით, ამაში მხოლოდ ხელისუფლების და ეროვნული ბანკის დადანაშაულება არასწორია.

როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რასაკვირველია, რაც ხდება ლართან მიმართებაში, არავის არ მოსწონს და ეს ბიზნესსაც ძალიან აწუხებს და სერიოზულ პრობლემასაც უქმნის.  "მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ან ეროვნული ბანკის დადანაშაულება არასწორია, რაც ხდება რეგიონში, ასევე რა სიტუაციაც არის ქვეყანაში, ამას რასაკვირველია გავლენა ექნება, თუმცა ლარის პროგნოზირება ძალიან რთულია. ჩემს მოსაზრებას გეტყვით, მიმაჩნია, რომ დღევანდელი კურსი საკმაოდ მაღალია და მე პირადად არ ველოდები ამ კურსის ძალიან მაღლა წასვლას", - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული ბანკის და ხელისუფლების, ამ შემთხვევაში მთავრობის ერთობლივ მუშაობას, იმისათვის, რომ საზოგადოება და ბიზნესი დააწყნარონ. როგორც ჭირაქაძემ აღნიშნა, ხშირად განსაკუთრებით პრესის და ტელევიზიის საშუალებით არის პანიკის ნიშნები და აქედან გამომდინარე, ის მოუწოდებს ყველას, შეგნებით მოეკიდონ ამ საკითხს და გააანალიზონ, რომ პანიკის დათესვა პირდაპირ იქონიებს გავლენას ეროვნული კურსის გაუფასურებაზე.  "ლარის კურსი პირდაპირ მოქმედებს ასობით ათას ჩვენს მოქალაქეზე. მე მესმის, პოლიტიკოსებს, ყველას თავისი ინტერესები აქვს. ინტერესები აქვთ, რომ მომავალი არჩევნები მოიგონ, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, ეს იმდენად ცუდად მოქმედებს ჩვენს საზოგადოებაზე, ბიზნესზე, რომ ამ თემაზე მაინც უნდა ვიყოთ ყველა უფრო მეტად შეგნებულები. ჩვენი თხოვნაა ყველასადმი, რომ ლარის კურსის რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიზება მოხდეს", - განაცხადა ჭირაქაძემ და აღნიშნა, რომ ყველა უნდა მიხვდეს, რომ ამ შემთხვევაში არ არის კონკრეტული ადამიანების, ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლების დადანაშაულება სწორი.