ხვალ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი "ბათუმი 2015" გაიხსნება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ბათუმში ხვალ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს "ბათუმი 2015" გახსნიან.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებისა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების უკეთ წარმოსაჩენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის "Cushman & Wakefield | Veritas Brown"-ის ორგანიზებით იმართება. ფორუმს 150-ზე მეტ რეგიონში არსებული წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი პირი და წარმომადგენელი დაესწრება.

კომპანიები უმეტესად ენერგეტიკის, ტურიზმისა და უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორებიდან არიან წარმოდგენილნი. მონაწილეებს სხვადასხვა პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორებისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები მიაწვდიან.  ფორუმი ასევე ითვალისწინებს პანელურ დისკუსიას თემაზე: "ბიზნესის კეთება საქართველოში - წვდომა ფინანსებზე", რომლის მონაწილეებიც EBRD-ის რეგიონალური ოფისის, საპარტნიორო ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელები იქნებიან.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში დაგეგმილია დამსწრე საზოგადოებისათვის საქართველოში ინვესტირების წარმატებული მაგალითების გაცნობა და ორმხრივი სესიები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და საკონსულტაციო კომპანიებთან.