ბიზნესსექტორი ქონების გადასახადის დიფერენციაციას ითხოვს

ბიზნესსექტორი ქონების გადასახადის დიფერენციაციას ითხოვს. როგორც ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, არ შეიძლება ქონების გადასახადი თბილისსა და სხვა ქალაქებში, მათ შორის, იქ, სადაც რამდენიმეთვიანი ტურისტული სეზონი არსებობს, ერთნაირი იყოს. "შეხვედრაზე საუბარი იყო ზოგადად ეკონომიკურ სიტუაციაზე. აღინიშნა, რომ ბევრი პოზიტივი და ბევრი ნეგატივია, მაგრამ ჯამში მაინც პოზიტივზე დავრჩით. რა თქმა უნდა, შევეხეთ პრობლემებსაც. მაგალითად, მე ვისაუბრე ქონების გადასახადზე. არ შეიძლება დედაქალაქში ქონების იგივე გადასახადს იხდიდეს ტურისტული ინდუსტრია - სასტუმროები და თელავში ან ბათუმში, სადაც ორთვიანი სეზონია, ანუ ჩვენი აზრით, გადასახადის დიფერენციაცია უნდა მოხდეს და კრიტიკულ რაიონებში უნდა შემცირდეს", - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

მისივე განმარტებით, მათ მოთხოვნას ხელისუფლება იზიარებს, მაგრამ ვინაიდან მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა, "უჭირს ამის გადალახვა".  "დამოკიდებულება არის პოზიტიური, მაგრამ რატომღაც ამის გაკეთება ვერ ხერხდება. რა უშლის ხელს და როგორ უშლის, ეს უკვე დიდი თემაა. უშუალოდ, ეკონომიკის მინისტრის დამოკიდებულებას რაც შეეხება, ისიც გვეთანხმება, მაგრამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ეს არის გადასახადი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებში შედის. ანუ ლოჯისტიკური და იურიდიული პრობლემაა, ვინაიდან მათ უნდა დააყენონ საკითხი მთავრობის წინაშე. პრეცენდენტი არ ყოფილა და უჭირს ამის გადალახვა", - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.