თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სამზადისი დასასრულს უახლოვდება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სამზადისი დასასრულს უახლოვდება, - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საორგანიზაციო საკითხები კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მათივე ინფორმაციით, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ოფიციალური ვებ-გვერდი www.tbilisisilkroad.ge, რომელზეც ფორუმში მონაწილეობის მსურველებს, როგორც დარეგისტრირება, ასევე ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში, მაღალი რანგის წარმომადგენლობით მონაწილეობა, როგორც სამთავრობო დონეზე, ისე ბიზნესის კუთხით, არაერთმა ქვეყანამ დაადასტურა. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად უკვე 200-ზე მეტი ბიზნესმენი დარეგისტრირდა. ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ფინანსური ინსტიტუტები. აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა, თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს. ახალი პლატფორმა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროში, ასევე ბიზნესებს შორის კავშირებისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.