დიმიტრი ქუმსიშვილი ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ადგილზე გაეცნო

ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთითა და ხელმძღვანელობით მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე - "ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება".

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით, სივრცითი მოწყობა და დაგეგმარება მტკვრის ხეობის გასწვრივ, 20 კილომეტრიან მონაკვეთზე ხორციელდება და ხერთვისიდან საქართველო-თურქეთის საზღვართან მდებარე, ოლოდას მონასტრის ჩათვლით, ათ სოფელს მოიცავს. ეს სოფლებია: ტოლოში, ხერთვისი, ნაქალაქევი, თმოგვი, მირაშხანი, კუმურდო, გოგაშენი, აფნია, ხავეთი და დაბნია. მათივე ინფორმაციით, დასაგეგმარებელი ტერიტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტზე მომუშავე არქიტექტორებთან ერთად მოინახულა.

მინისტრის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა არის ყველაზე მდგრადი და სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა იმ კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილება, რომელიც დღეს საქართველოში არის.  ,,თავად დასაგეგმარებელი ტერიტორია რამდენიმე ათას ჰექტრამდეა გაზრდილი. ათასამდე კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების მქონე ობიექტის შესახებ ინფორმაციაა მოძიებული, გაანალიზებული და დაახლოებით 200 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია დატანილი რუკებზე. დანარჩენი კვლევის პროცესშია. აქვე არის შემოთავაზებული ტურისტული მარშრუტები, რომელმაც ამ მხარეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა უნდა მისცეს. ვარძია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც ჩვენ გვაქვს. მინდა მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს", რომელმაც წლების მანძილზე აქ უზარმაზარი სამუშოების ჩატარების საშუალება მისცა, როგორც რესტავრატორებს, ისე არქიტექტორებს და დღეს ეს ძეგლი შემოგვინახა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"ხერთვისი-ვარძია-ოლოდას ტერიტორიაზე კონცენტრირებულია არქეოლოგიური ძეგლები, დაწყებული ძვ.წ. III-II ათასწლეულების მიჯნიდან, ანტიკური პერიოდისა და შუასაუკუნეების ჩათვლით. აქ მრავლადაა ნაქალაქარები, ნასოფლარები, ნამოსახლარები, ციხე-სიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები, სტელები, სასოფლო-სამეურნეო ტერასები, საირიგაციო და წყალგაყვანილობის სისტემები, აბანოები, ქარვასლები, კლდეში ნაკვეთი მონასტრები და საცხოვრისები. გამორჩეული ადგილი არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო კლდის არქიტექტურის ისტორიაში ქალაქ-მონასტერ ვარძიას ეთმობა. პროექტის ძირითად განმახორციელებელს წარმოადგენს გის და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი", ხოლო ცალკეული თემატური კომპონენტების შემუშავებაში ჩართულია მისი პარტნიორი ორგანიზაციები - ,,სტუდია 21", ,, არტსტუდიო პროექტი" და ,,ქართული მემკვიდრეობა", - აცხადებენ სამინისტროში.

,,პირველი მცდელობაა, როდესაც ქართულ ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციაში კულტურული ლანდშაფტის ცნება ჩნდება. მასზეა აწყობილი გეგმარებითი პრინციპების შემუშავება და დამტკიცება მუნიციპალიტეტების დონეზე", - განაცხადა დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ ,,გეოგრაფიკის" ხელმძღვანელმა გიორგი გოცირიძემ.

"კულტურული მემკვიდრეობის სიუხვითა და სიმდიდრით ხერთვისი-ვარძია-ოლოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ხეობაა მთელ საქართველოში.  დღეისთვის ხეობის ძირითადი საკვანძო ღირშესანიშნაობები, რომელთა ირგვლივ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი ტურისტული მარშრუტების ქსელი, არის შემდეგი:

- ვარძია - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი (XII-XII ს.ს.);

- ვანის ქვაბები (VIII – XVI ს. ს.) და ძველი (ზედა) ვარძიის მონასტერი;

- სოფელ საროს მეგალითური ციტადელი, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია - ორნავიანი ტაძარი აგებულია VII-VIII საუკუნეებში, ნიჩგორის ნასახლარი, ტრადიციული მესხური სოფელი;

- ხერთვისის ციხე-სიმაგრე ( X-XIV საუკუნეები) და მიმდებარე ტერასები;

- თმოგვის ციხე-ქალაქი და ეკლესია (X - XIV სს), ზედა თმოგვის ნასოფლარი და ეკლესია ( XI საუკუნის II მეოთხედი);

- წუნდის ეკლესია (XII-XIII სს), კუმურდო ( X საუკუნე) და ბერთა ყანების ნასახლარი. ამ ღერძული მარშრუტის ირგვლივ უნდა განვითარდეს წრიული, სხვადასხვა ტიპოლოგიის ურთიერთდაკავშირებელი მარშრუტების ქსელი, რომელიც ჯერ კიდევ ატარებს "აღმოჩენის" ხასიათს.

აღნიშნულ დასახლებებს არ გააჩნიათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისთვის შემუშავებული ზოგადი დაცვის ზონები არაა დამტკიცებული. ამის გამო არსებობს საფრთხე უსისტემო და არაგეგმაზომიერი განაშენიანების შემთხვევებში, ზიანი მიადგეს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ლანდშაფტებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მოკლე ვადაში განხორციელებულიყო აღნიშნული კულტურული ლანდშაფტის ფარგლებში, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული, სრულფასოვანი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის დამტკიცება ნოემბრისთვის იგეგმება", - აცხადებენ სამინისტროში.