დასავლეთ საქართველოში თხილის ფასი კატასტროფულად დავარდა

ადგილობრივი თხილის მწარმოებლების თქმით, წელს თხილის ფასი კატასტროფულად შემცირდა. მათივე თქმით, შარშან ამ დროს, ერთი კგ. თხილის ფასი 10 ლარი იყო, წელს კი 5 ლარს ვერ ასცდა. ადგილობრივი ბიზნესმენები უფრო მაღალ ფასს არც ელოდებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ბიზნესის ამ მიმართულებაში სახელმწიფო უხეშად ერევა.

თხილის მწარმოებელი ლია შელიას თქმით, ერთი პერიოდი 1 კგ. 6,50-6,70 ლარი ღირდა, მაგრამ ამ დროს ხალხს მოსავალი არ ჰქონდა აღებული და შესაბამისად, პროდუქტი ცოტა იყო. ამიტომაც ღირდა შედარებით მაღალი ფასი.

"წელს ისედაც ცოტა რაოდენობით თხილი მოვიდა, თან ძალიან ცუდი ხარისხის და კატასტროფულად დაბალი ფასი აქვს. ჩვენც ცუდ დღეში ვართ და გლეხებიც, რომლებმაც ვერც სიმინდის მოსავალი აიღეს, რადგან გვალვის დროს დაიწვა და ტარო ვერ გაიკეთა. უმძიმეს მდგომარეობაშია, ე.წ. დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობაც, მათ არც თხილი აქვთ და არც სიმინდი. მე და უამრავ ჩემნაირს, იმის იმედით, რომ თხილის ფასი შედარებით მაღალი იქნებოდა, ბანკიდან კრედიტი გვაქვს აღებული", - განაცხადა ლია შელიამ.

მისივე თქმით, გავრცელებული მოსაზრება, რომ თხილის ფასის ვარდნა სასკოლო პერიოდის ბრალია, არასწორია. როგორც ლია შელიამ გვითხრა, შარშან ამ დროს 1 კგ. თხილი 7-8 ლარი ღირდა, თურქები შემოდიოდნენ სოფლებში ტრაილერებით და ამ ფასში ყიდულობდნენ, ხარისხის მიუხედავად.

"თუმცა, წელს მათ სოფელში შესვლის უფლება არ მისცეს. ის ადამიანი, ვისაც ამაზე ხელი მიუწვდება, მონოპოლიის მოპოვებას ცდილობს", - გვითხრა ლია შელიამ.

კობა გვალია, თხილის მწარმოებელი: "რამდენიმე წლის განმავლობაში სამ თურქ თხილის მწარმოებელთან ერთად ვმუშაობდი ამ საქმეზე. მაგრამ თანდათან "ვიღაცების" ჩარევით თურქმა თხილის მწარმოებლებმა შესყიდვები შეამცირეს, შემდეგ კი, საერთოდ დაიკარგნენ. შედეგად, თხილის ფასიც "დაარეგულირეს" - თხილის წლევანდელი ფასი 5-6 ლარია და სავარაუდოდ, არც მოემატება. სახელმწიფომ რამდენიმე თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა, სადაც ამ ფასში იბარებენ თხილს. ჩვენ ამ ფასშიც ვერ ვრისკავთ, რადგან ფასი ყოველდღე თამაშობს".

ლალი პაპასკირი