აკრძალული მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

"სარფსა" და "ყაზბეგში" აკრძალული მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს 14 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სარფი".  145 აბი Lyrica , 247 აბი Alprazolam Sandoz, 42 აბი Noctamide - ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი აღნიშნული მედიკამენტები აღმოაჩინეს თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულ, საფრანგეთში რეგისტრირებულ OPEL-ის მარკის ავტომანქანაში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე ჰ.კ. მართავდა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შსს-ს ა/რ მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმავე დღეს, სგპ "ყაზბეგის" ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ა.ს., რომლის კუთვნილი ავტომანქანის რისკის პროფილის მიხედვით დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL – 5 აბი (200 მგ-იანი) აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.