პარლამენტი დღეს ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატურებს განიხილავს

პარლამენტი დღეს ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატურებს განიხილავს. საკითხზე მსჯელობა 10:00 საათზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოხდება.

საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატურებს კომიტეტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე წარუდგენს. მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრების კანდიდატურები გუშინ წარუდგინა. პარლამენტში ოთხი კანდიდატურა შევიდა. კერძოდ, საბჭოს წევრად 5 წლის ვადით არჩევის მიზნით წარდგენილია ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურა, ხოლო 7 წლის ვადით არჩევის მიზნით - ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურები.

პარლამენტი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას მიმდინარე სასესიო კვირას გეგმავს. "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, სააგენტოს საბჭოს 7 წევრიდან 5-ს მთავრობის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით - სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.