დავით კილაძე - „ჯი-პი-სი“ მედიკამენტებზე ფასის მომატებას ამ ეტაპზე არ გეგმავს

ფარმაცევტული კომპანია „ჯი-პი-სი“ მედიკამენტებზე ფასის მომატებას არ აპირებს. ამის შესახებ bpn-ს კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა დავით კილაძემ განუცხადა.

დავით კილაძის თქმით, ლარის დევალვაციამ მის ბიზნესზე უარყოფითი გავლენა იქონია, თუმცა კადრების შემცირებას მაინც არ აპირებს.

- ცხადია, ლარის დევალვაცია კარგ შედეგს არასდროს იძლევა. თუმცა, ეკონომიკის მინისტრისგან საინტერესო და პოზიტიური მესიჯები გაჟღერდა. უახლოეს მომავალში ლარის კურსის შემცირებასა და გამყარებას უნდა ველოდეთ. მართალია, იმპორტი და ექსპორტი შემცირებულია, მაგრამ აპრილიდან ქვეყანა ვალუტის გადინებას ზოგავს. ჩემი აზრით, ლარის კურსის დაწევა პანიკის შედეგი უფრო არის. ამიტომ, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისგან და კერძო სექტორისგანაც პოზიტიური მესიჯების მიწოდება. ჩვენს კომპანიაში იმპორტი შემცირდა, ისევე როგორც სხვა დანარჩენ ბიზნესში. თუმცა, კადრების შემცირებას არ ვაპირებთ. კომპანია ისევე ფუნქციონირებს, როგორც ადრე.

- მედიკამენტების ფასი 15-20%-ით გაიზარდა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფასის გაზრდას ხომ არ გეგმავთ?

- ამ ეტაპზე, არ ვგეგმავთ. როცა ვალუტის ასეთი დევალვაცია გვაქვს, ბუნებრივია, ბიზნესი ამაზე ადეკვატურად რეაგირებს. მათ შორის, წამალი ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ წლებია, რაც „ჯენერიკ“ მედიკამენტების დანერგვას ვცდილობთ, რადგან ამ გზით შესაძლებელია, მოსახლეობისთვის მედიკამენტზე წვდომა გაიზარდოს, ხოლო ვალუტის დევალვაციამ მძაფრი გავლენა არ იქონიოს.

- რა გეგმები აქვს კომპანიას?

- უცხოელ პარტიორებთან ერთად საქართველოში მედიკამენტების წარმოებას ვაპირებთ. სავარაუდოდ, 1 წელში დავიწყებთ. იმ ჯგუფის მედიკამენტები, რომელზეც ჩვენ ვართ ორიენტირებული, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. საუბარია ბიოტექნოლოგიურ მედიკამენტებზე, რომელიც მაღალტექნოლოგიური პროდუქტია.

- რას ფიქრობთ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივაზე - გარკვეული კატეგორიისთვის მედიკამენტების თანადაფინანსებაზე?

- მთელს მსოფლიოში არსებობს ასეთი სისტემა, როდესაც კერძო სადაზღვევო კომპანიები თუ სახელმწიფო ამას ახორციელებენ. ეს პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, იქ წამლის ხარისხთან მიმართებაში კითხვის ნიშანი არ უნდა ისმოდეს. წამლის ხარისხიანობა რომ დადგინდეს, ამისთვის მთელი რიგი კვლევები არსებობს. როცა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, მაშინ ძალიან ჯანსაღი მოვლენაა, რომ თანადაფინანსების განხორციელებას ხელი შეეწყოს.

სალომე გოგოხია