ბიზნესმენებმა პროდუქტის მარაგი 30%-ით შეამცირეს

ქართველმა იმპორტიორებმა მარაგის შემცირება დაიწყეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, პრობლემა ბიზნესის თითქმის ყველა სეგმენტშია. არაოფიციალური მონაცემებით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კომპანიებმა მარაგი 30%-ის ფარგლებში შეამცირეს, მათ შორის, სურსათის სფეროშიც. იმპორტიორები შესაძლო გაძვირებაზეც საუბრობენ, მაგრამ რა მაჩვენებლით მოხდება ფასების ზრდა და როდიდან მოიმატებს შემოტანილი პროდუქტის ღირებულება, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ბიზნესმენები შიშობენ, რომ მარაგის შემცირების გამო, შესაძლოა, რომელიმე პროდუქტი დეფიციტური გახდეს და შემდეგ მოულოდნელად გაძვირდეს, რისი მიზეზიც უკვე არა დოლარის კურსი, არამედ ბაზარზე წარმოქნილი დეფიციტი გახდეს. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია, თუმცა ნათლად წარმოაჩენს იმ პრობლემას, რაშიც იმპორტიორები სავალუტო რყევის გამო აღმოჩნდნენ.

შპს "ამბარი" რუსეთიდან ფქვილის იმპორტს ახორციელებს. კომპანიის დირექტორის კობა დოქაძის თქმით, მარაგის კლების ტენდენცია მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდა და ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა არც ამ ეტაპზეა. "ძნელად წარმომიდგენია დარგი, სადაც პობლემა არ შეიმჩნევა. განსაკუთრებით კი იმპორტიორები დავზარალდით. სიტუაცია იმდენად უმართავია, რომ წინასწარ პროგნოზის გაკეთებაც გვიჭირს. შეიძლება მარაგის კლების ერთ-ერთი მიზეზი სეზონური ცვლილებაა, მაგრამ დიდწილად მაინც სავალუტო რყევას უკავშირდება. რეალიზაციამ აშკარად იკლო, მინიმუმ 20%-ით და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ფქვილი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია, მარაგის შემცირება ამ იმართულებითაც დაგვჭირდა. ეს ადასტურებს პრობლემას, რომელშიც დღესდღეობით ქვეყანა იმყოფება. ფქვილი ისეთი სეგმენტია, რომ არ შეიძლება გაუყიდავი დარჩეს, თუმცა რეალიზაცია არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა სახარბიელო", - ამობს კომპანიის დირექტორი.

შაქრის იმპორტიორ კომპანია "ჯეოფაქში"  მარაგი დაახლოებით 30%-ით შეამცირეს. ეს "რეზონანსს" კომპანიის დირექტორმა ლუკა ხიზანიშვილმა დაუდასტურა. მიზეზად იგი სავალუტო კურსს მიიჩნევს და აცხადებს, რომ მდგომარეობა თუ არ შეიცვლება, ფინანსურად კომპანია ძალიან იზარალებს. "იმპორტი შევამცირეთ. დღევანდელ რეალობაში ეს პროცესი გარდაუვალი გახდა. დოლარის კურსიდან გამომდინარე, კლება მარაგის მხრივ დაახლოებით 30%-მდეა. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რამაც უამრავ ბიზნესს შეუქმნა პრობლემა. ხელისუფლების საქმიანობას თვალყურს რომ ვადევნებ, არაფრის იმედი აღარ მაქვს. ჩვენ შაქრის იმპორტს ვახორციელებთ, მზა პროდუქტი ჩამოგვაქვს, რომელსაც ვფუთავთ და რეალიზაციაში ვუშვებთ. ბუნებრივია, ბრუნვაც შეგვიმცირდა. თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, ამ საქმიანობას ვეღარ გავაგრძელებ. მოგებას ვინ ჩივის, ბიზნესი ზარალზე წავიდა," - ამბობს ლუკა ხიზანიშვილი.

მარაგის კლებაზე საუბრობს კომპანია "ტექნო ბუმის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე. მისი ინფორმაციით, კომპანიამ ამით ხარჯების ოპტიმიზაცია მოახდინა და ცვლილება ლოჯისტიკური მიმართულებით მოხდა. ასევე შეიცვალა საინვესტიციო გეგმა.

როგორც ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, თუ ადრე კომპანია განვითარებაზე იყო ორიენტირებული, წელს მისი დევიზი ეფექტურობის გაზრდაა. "ეს გამოხატულია თუნდაც სასაქონლო მარაგის ზუსტ და დეტალურ დათვალში, ასევე მათ შემცირებაში. თუ ადრე კომპანიას 2.5-თვიანი მარაგი ჰქონდა, ახლა ეს შემცირდა და 1.5 თვემდე ჩამოვიდა. ასორტიმენტიც შევკვეცეთ. ამ ხერხს კომპანიამ ოპტიმიზაციის მიზნით მიმართა. ასეთი ცვლილება შექმნილ სიტუაციაში ბიზნესის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას მოგვცემს. აუცილებელია, რომ დანახარჯი შეიცვალოს რაღაც ერთეულზე და ახალ გარემოში, ახალ რეალობაში უფრო ეფექტური გახდეს", - განმარტავს ქოქოლაძე.

ბიზნესმენი ტექნიკის გაძვირებაზეც საუბრობს, თუმცა რა მაჩვენებლით მოახდენენ ფასის მატებას, ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. "მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი შემცირდა, სხვადასხვა აქციის საშუალებით ფასების შენარჩუნებას ვცდილობთ. ტექნიკა არ გაგვიძვირებია და ამ ეტაპზეც დოლარის ძველი კურსის შესაბამისად ვყიდით. ახალი პარტიის რეალიზაცია გაზრდილი ფასით მოგვიწევს. დიდი მცდელობის მიუხედავად, სავალუტო კურსმა სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა. როგორც კი ახალ საქონელს შემოვიტანთ, საფასო პოლიტიკაც გადაიხედება, "- აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

ცვლილებაზე საუბრობენ იმპორტიორი კომპანია "ჯიდი ჰოლდინგშიც", სადაც განმარტავენ, რომ ლარის კურსის გამო ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება. კომპანიის წარმომადგენელთა შეფასებით, ფასები არა მარტო იმპორტირებულ, არამედ ადგილობრივ ნაწარმზეც მოიმატებს, რადგან ადგილობრივ მწარმოებლებს ნედლეული საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში შემოაქვთ.

იმპორტირებული საქონლის მარაგის კლებას შპს "არჯევანის" დირექტორი, ბიზნესმენი გია არჯევანიშვილიც ადასტურებს, თუმცა დეტალებზე ის საჯაროდ ღიად არ საუბრობს.

"არჯევანის" ძირითადი ბიზნესი არის მსუბუქი მრეწველობის დარგის სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტ-იმპორტით ვაჭრობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან. რეზინის სამუშაო ხელთათმანების გაყიდვით კი "არჯევანი" საქართველოს ბაზარზე ლიდერი ფირმაა. ამასთან, იგი წარმოადგენს იმპორტიორ კომპანიას ელექტრონათურების და ელექტროდების მეტალის კონსტრუქციების წარმოებისათვის.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"