Fitch Ratings-მა საპარტნიორო ფონდის რეიტინგი BB- დაადასტურა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -მა საპარტნიორო ფონდის შეფასება უცვლელი დატოვა. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, სააგენტომ საქართველოს საპარტნიორო ფონდის რეიტინგი 10 სექტემბერს გამოაქვეყნა. როგორც სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზიდან ირკვევა, ფონდის გრძელვადიანი უცხოური ვალუტის და გრძელვადიანი ადგილობრივი ვალუტის რეიტინგი BB-ია; მოკლევადიანი ადგილობრივი ვალუტის რეიტინგი 'B', ხოლო პროგნოზი სტაბილური (Stable). ფონდის რეიტინგი ისევ უტოლდება სახელმწიფო სუვერენულ რეიტინგს.

წლევანდელი რეიტინგის განხილვისას Fitch-მა აღნიშნა, ფონდის მიერ 239 მგვტიანი გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტის დასრულება, რამდენიმე პროექტიდან წარმატებული გამოსვლა და გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლები. სააგენტოს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, სადაც ფონდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაში, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. Fitch-მა ისევ დაადასტურა საქართველოში კაპიტალის ბაზრის ნაკლები განვითარებულობის გამო საპარტნიორო ფონდის მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.

სააგენტო წერს, რომ ფონდი, რომლის 100% სახელმწიფო საკუთრებაშია, ფლობს "საქართველოს რკინიგზის," "საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის," "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის," " ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის," და ნაწილობრივ "თელასის აქციებს.  ფონდის მიზანია კერძო ინვესტიციებისთვის ხელის შეწყობა ეკონომიკურად მომგებიან პროექტებში. სააგენტო აღნიშნავს, რომ ფონდს სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს.