ეკონომიკის მინისტრი საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარებას ვარაუდობს

საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ველოდებით ლარის გამყარებას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, მაკროეკონომიკური პარამეტრები ადასტურებს იმას, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეროვნულ ვალუტაზე მიმდინარე ეტაპზე და წლის ბოლოსთვის 100-180 მილიონი დოლარით ნაკლები ზეწოლა მოვა. "აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ყველა ეს უწყება მუშაობს სინქრონულად იმისათვის, რომ ის მოლოდინები, რაც ბაზარს არასწორად ჩამოუყალიბდა, შემოვატრიალოთ და რეალურად იმ მაკროეკონომიკურ ტრენდზე მივმართოთ, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.