შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით მომზადება-გადამზადების პროგრამა იწყება

შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები მომზადება-გადამზადების პროგრამას იწყებენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ბრიფინგი გამართეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას კერძო და საჯარო პროფესიული სასწავლებლებისთვის აღნიშნული ინიციატივის შესახებ და ასევე გაუწევს კოორდინაციას, პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებლების მიერ ისეთი მოკლევადიანი პროფესიული პროგრამების შემუშავების პროცესს, რომლის მიზანია სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე www.worknet.gov.ge რეგისტრირებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოკლევადიანი პროფესიული პროგრამები 50-ზე მეტ სპეციალობაში, შემუშავდება იმ მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად, რომლებიც იდენტიფიცირდა შრომის ბაზრის თვისებრივი კვლევის შედეგად.

პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანობის ამაღლების გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლების მიმწოდებელთა ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება და დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, შეარჩიონ ის სასწავლებელი, რომელიც განახორციელებს მათთვის სასურველ პროგრამას. პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია სამუშაო ადგილებზე სწავლება - სტაჟირება, რომელიც განხორციელდება დამსაქმებელთან შეთანხმებით, თავისუფალი სამუშაო ადგილების არსებობის შემთხვევაში. სტაჟირების ვადა არ აღემატება 3 თვეს. გადამზადების მსურველებს მიეცემათ სახელმწიფო სტიპენდია თვეში 150 ლარის ოდენობით. სტაჟირების მთავარ მიზანს წარმოადგენს დამსაქმებელის მიერ შერჩევის საფუძველზე მინიმუმ ერთი სტაჟიორის დასაქმება.

პროგრამაში ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები 20 წლის ზემოთ, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა - www.worknet.gov.ge-ზე და თანახმა არიან გაიარონ მოკლევადიანი სასწავლო კურსი. ამ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვება 1138 სამუშაოს მაძიებელი.