2015 წლის მე-2 კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის მე-2 კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 7 772,2 მლნ ლარი შეადგინა.  საქსტატის ცნობით, წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,5 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი 5,9 %-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,3 პროცენტი) და ვაჭრობა (16,1 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,1 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,8 პროცენტი), მშენებლობა (8,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,4 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,1 პროცენტი). საქსტატის ცნობით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (14,5 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (12,7 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (10,6 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (7,3 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (6,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (5,6 პროცენტი), ტრანსპორტი (5,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (3,8 პროცენტი), კავშირგაბმულობა (3,5 პროცენტი). კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (-3,2 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, 2015 წლის II კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ახალი გაზსადენის მშენებლობით. დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში დამატებული ღირებულების შემცირება ძირითადად განპირობებულია უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების შემცირებით.

დაზუსტებული მონაცემები 2015 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდება.

"მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით. წლიური მონაცემები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური მონაცემებისაგან. გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხელახლა ითვლება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემებიც. მაგალითად, 2015 წლის პირველი და მეორე კვარტალის მონაცემები თავდაპირველად იანგარიშება 2014 წლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე. 2015 წლის ნოემბერში, 2014 წლის წლიური მონაცემების დაზუსტებასთან და 2014 წლის კვარტალური მონაცემების ცვლილებასთან ერთად შეიცვლება 2015 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემებიც. გარდა ამისა, 2016 წლის ნოემბერში 2015 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება 2015 წლის კვარტალური და წლიური მაჩვენებლები", - აცხადებენ საქსტატში.