ირაკლი კოვზანაძეს დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნაზე ინფორმაცია არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად სავარაუდო დანიშვნასთან დაკავშირებით ირაკლი კოვზანაძე ინფორმაციას არ ფლობს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვინ ჩაანაცვლებს მას საპარტნიორო ფონდში, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით მან არაფერი იცის.  ირაკლი კოვზანაძე ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრად არის წარდგენილი და პარლამენტში მისი დამტკიცების შემდეგ, მან საპარტნიორი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა უნდა დატოვოს.

მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრების კანდიდატურები გუშინ წარუდგინა. პარლამენტში ოთხი კანდიდატურა შევიდა. კერძოდ, საბჭოს წევრად 5 წლის ვადით არჩევის მიზნით წარდგენილია ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურა, ხოლო 7 წლის ვადით არჩევის მიზნით - ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურები. პარლამენტი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას მიმდინარე სასესიო კვირას გეგმავს.  "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, სააგენტოს საბჭოს 7 წევრიდან 5-ს მთავრობის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით - სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.