ირაკლი კოვზანაძე სააგენტოზე: გადამწყვეტია პროფესიონალიზმი, დამოუკიდებლობა და ბაზრის ყველა მოთამაშისადმი მიუკერძოებელი მიდგომა

ორივე მოდელს არსებობის თანაბარი შესაძლებლობა აქვს, - ამის შესახებ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოში წარდგენილმა ირაკლი კოვზანაძემ სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. კოვზანაძის განმარტებით, ქვეყნების დიდი ნაწილი არის, სადაც ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და არის ქვეყნები, სადაც სააგენტო ცენტრალური ბანკის შემადგენლობაშია.

"მთავარია, შეიქმნას ინსტიტუცია და სააგენტოსთან აფილირებული ყველა პირი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი იყოს, რომლებიც თავის თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას რისკების, თუ პოტენციური რისკების შესახებ, რაც შეიძლება საფინანსო სექტორის წინაშე დადგეს. გადამწყვეტი ფაქტორია პროფესიონალიზმი, დამოუკიდებლობა და ბაზრის ყველა მოთამაშის მიმართ მიუკერძოებელი მიდგომა", - განაცხადა მან.

პარლამენტს მთავრობამ დასამტკიცებლად ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრების ოთხი კანდიდატურა წარუდგინა, რომელსაც დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოუსმინეს.  კერძოდ, საბჭოს წევრად 5 წლის ვადით არჩევის მიზნით წარდგენილია ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურა, ხოლო 7 წლის ვადით არჩევის მიზნით - ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურები.