"სოკარი" საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას არ გაზრდის

აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარი“ 2015-2016 წლების ზამთრის პერიოდში საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას არ გაზრდის.

ამის შესახებ „სოკარის“ შვილობილი კომპანია SOCAR Energy Georgia-ს ხელმძღვანელმა მახირ მამედოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ამ დროისთვის არსებული მარაგი ქვეყნის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ზაფხულის პერიოდში „სოკარი“ საქართველოს დღე-ღამის განმავლობაში 3,5-3,6 მილიონ კუბური მეტრის მოცულობის გაზს აწვდის, ზამთრის პერიოდში კი 5-6 მილიონ კუბურ მეტრზე მეტს.

2014 წელს „სოკარმა“ საქართველოში 2.15 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის ექსპორტი განახორციელა, რაც 2013 წელთან შედარებით, 10,5 პროცენტით მეტია. აზერბაიჯანული კომპანია ასევე ჩართულია საქართველოს რეგიონების გაზიფიკაციის პროცესში.

SOCAR Energy Georgia-ის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "სოკარი" საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ფასის გაზრდას არ გეგმავს.