დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი გახსნა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი "ბათუმი 2015" გახსნა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ფორუმზე მყოფ ინვესტორებსა და პირებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციებით, ქვეყნის პოტენციალს გააცნობს. მისივე თქმით, ფორუმის მიმდინარეობის დროს დეტალურად იქნება განხილული ფინანსების ხელმისაწვდომობის საკითხები და შესაძლებლობები, რომელიც აჭარის რეგიონსა და მთლიანად ქვეყანას აქვს.  "რამდენიმე ათეული ქვეყნიდან 200-მდე დელეგატია ჩამოსული. აქ არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და ფონდები. ყველა ფორუმს ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. აღნიშნულ ფორუმზე ინვესტორებს და პირებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით, შევთავაზებთ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც ქვეყანაში გაგვაჩნია. ასევე, დეტალურად იქნება განხილული ფინანსების ხელმისაწვდომობის საკითხები და ასევე ის პოტენციალი, რომელიც როგორც აჭარას, ისევე მთლიანად ქვეყანას გააჩნია", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმი აჭარის მთავრობის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის Cushman & Wakefield | Veritas Brown-ის ორგანიზებით იმართება. ფორუმს 15 ქვეყნის 200 წარმომადგენელი და რეგიონში არსებული წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი პირი ესწრება. კომპანიები უმეტესად ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორებიდან არიან წარმოდგენილნი. საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ფორუმის მონაწილეებს სხვადასხვა პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორებისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას, სპეციალური პრეზენტაციის სახით, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები მიაწვდიან. ფორუმის ფარგლებში დისკუსია თემაზე "ბიზნესის კეთება საქართველოში - წვდომა ფინანსებზე" გაიმართება, რომლის მონაწილეებიც EBRD-ს რეგიონალური ოფისის, საპარტნიორო ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელები იქნებიან. ღონისძიების დასკვნით ნაწილში დამსწრე საზოგადოებისთვის საქართველოში ინვესტირების წარმატებული მაგალითების გაცნობა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და საკონსულტაციო კომპანიებთან ორმხრივი სესიებია დაგეგმილი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესის წარმომადგენლებს ფორუმი საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს და ინვესტირების შესაძლებლობებს, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ და გამართონ შეხვედრები პოტენციურ ქართველ პარტნიორებთან.