2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები

ამერიკულმა გამოცემა „ფორბსმა“ 2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები დაასახელა.

გასული წლის მსგავსად, ლიდერი კვლავ ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენია. 35 წლის მოდელის შემოსავალმა წლის განმავლობაში 44 მილიონი დოლარი შეადგინა.

საერთო ჯამში, რეიტინგში მოხვედრილი 21 ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მოდელის შემოსავალმა 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში 147 მილიონი დოლარი შეადგინა.

გავრცელებული ხმების მიუხედავად, რომ ჟიზელ ბიუნდჰენი პოდიუმიდან წასვლას აპირებდა, ბრაზილიელმა მოდელმა მაინც შეინარჩუნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელის ტიტული. თუმცა, გასულ წელთან შედარებით, მისი შემოსავალი 6%-ით შემცირდა. გარდა სამოდელო საქმიანობისა, ჟიზელ ბიუნდჰენს შემოსავალი საკუთარი ბიზნესიდანაც აქვს.

„ფორბსის“ რეიტინგში მეორე პოზიცია ერგო კარა დელევინეს, რომელმაც ჟიზელ ბიუნდჰენისგან განსხვავებით, 35 მილიონით ნაკლები - 9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მესამე ადგილზე კიდევ ერთი ბრაზილიელი, Victoria’s Secret-ის ანგელოზი - 34 წლის ადრიანა ლიმა აღმოჩნდა - 9 მილიონი დოლარის შემოსავლით.

რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვდნენ 30 წლის ჰოლანდიელი ტოპ-მოდელი დაუტცენ კრუსი - 7,5 მილიონი დოლარით და ნატალია ვოდიონოვა 7 მილიონი დოლარით.

„ფორბსის“ წლევანდელი რეიტინგის ყველაზე ასაკიანი მოდელი 41 წლის ქეით მოსი გახდა, რომელმაც შარშანდელთან შედარებით საკმაოდ ნაკლები - 4,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგში დასახელებული 21 მოდელიდან 16 Victoria’s Secret-თან თანამშრომლობს ან წარსულში თანამშრომლობდა.