იტალიაში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენა Fiera del Levante-დან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სტენდი აიღეს

იტალიის ქალაქ ბარიში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენა Fiera del Levante-დან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სტენდი აიღეს. ამის შესახებ იტალიაში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა დავით ბაზერაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ე.წ. აფხაზური დელეგაციის წარმომადგენლები იტალიის ტერიტორიაზე რუსული პასპორტებით და შენგენის ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გაცემული ტურისტული ვიზით მოხვდნენ; გამოფენის ორგანიზატორებთან მოტყუებით, როგორც კერძო პირებმა გააფორმეს კონტრაქტი და სტენდი "აფხაზეთის რესპუბლიკის" სახელწოდებით დაასათაურეს, რასაც ქართული მხარის რეაგირება მოჰყვა. კერძოდ, იტალიაში საქართველოს საელჩოსა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით, მოხდა შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმება, ვითარების გარკვევა, რის შედეგადაც 15 სექტემბერს გახსნილი სტენდის მუშაობა 16 სექტემბერს შეჩერდა, ხოლო დღეს დილით ის საერთოდ აიღეს გამოფენის ტერიტორიიდან.

საერთაშორისო გამოფენა Fiera del Levante ბარიში 22 სექტემბრამდე გაგრძელდება, თუმცა დავით ბაზერაშვილის თქმით, პროვოკაციული სტენდი უკვე აღებულია, რისთვისაც საქართველოს საელჩო მადლობას უხდის იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ბაზერაშვილი ხაზს უსვამს, რომ იტალიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი უცვლელია და ცენტრალურ მთავრობასთან ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს, პირიქით, საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობს მათთან, რომ "მსგავსი პროვოკაციები და ავანტიურისტული ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თაღლითობაა, აღარ განმეორდეს".

კითხვაზე, პასუხად, პოსტ-ფაქტუმ რეაგირების ნაცვლად თუ რატომ ვერ მოხერხდა პრევენციული ზომების გატარება, საელჩოს უფროსი მრჩეველი იმ გარემოებებს განმარტავს, რა გზითაც ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლები იტალიაში ხვდებიან. "პრევენციულ ზომებს ჩვენ წლებია, ვატარებთ. იტალია დიდი ქვეყანაა, ძალიან ბევრი ქალაქი და პატარა რეგიონია და ჩვენ ვმუშაობთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს განვუმარტოთ, ვინ არიან ეს ადამიანები, როგორი სიტუაციაა და ა.შ., რაშიც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად გვეხმარება და მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენთან. ასე რომ, პრევენციული ზომები მათი ინფორმირების თვალსაზრისით უკვე გატარებულია. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც გითხარით, ისინი შემოსული იყვნენ არა დელეგაციის სტატუსით, არამედ როგორც კერძო პირები. ამ შემთხვევაში იტალიის საელჩოს მიერ გაცემული ვიზაც კი არ ჰქონდათ, იმიტომ რომ ამის პრევენციაც გაკეთებული გვაქვს", - განაცხადა დავით ბაზერაშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.სავაჭრო-სამრეწველო პალატის 79-ე საერთაშორისო გამოფენა Fiera del Levante-ში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა მედიამ გაავრცელა. გამოფენაში Fiera del Levante ყოველწლიურად 2 000 იტალიური და უცხოური კომპანია მონაწილეობს, რომლებიც თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ. გამოფენას, ტრადიციულად, იტალიის პრემიერ-მინისტრი ხსნის.