ბათუმი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს "ბათუმი 2015" მასპინძლობს

ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში", საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებისა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების უკეთ წარმოსაჩენად, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი "Batumi 2015" გაიხსნა.

აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმს 15 ქვეყნის 250 წარმომადგენელი და რეგიონში არსებული წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. კომპანიები უმეტესად ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორებიდან არიან წარმოდგენილნი.

ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა. საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამია ბერძენიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.  ფორუმის მონაწილეებს სხვადასხვა პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორებისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია სპეციალური პრეზენტაციების სახით მიეწოდებათ.

რეგიონში მოღვაწე ბიზნესის წარმომადგენლებს ფორუმი საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს და ინვესტირების შესაძლებლობებს, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ და გამართონ შეხვედრები პოტენციურ ქართველ პარტნიორებთან.

ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის "Cushman & Wakefield | Veritas Brown"-ის ორგანიზებით იმართება.