ბინების დაქირავებას უცხოელებიც კი თავს არიდებენ

ბინის ქირაზე მოთხოვნა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახევრდა. პასიურობენ სტუდენტებიც. სავალუტო კრიზისიდან გამომდინარე, მათ იაფფასიანი ბინის დაქირავებაც კი უჭირთ. მართალია, ქირის ფასი ცოტა შემცირდა, თუმცა ამან ვითარება ოდნავადაც ვერ გამოასწორა. ამ მხრივ გარეუბნებში ცოტა უკეთესი მდგომარეობაა, ხოლო ცენტრალურ უბნებში მოთხოვნა თითქმის აღარ არის.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დილერების ინფორმაციით, ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, ხალხს ბინის დაქირავება უჭირს.

ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, ბინის მფლობელებმა ქირის ღირებულება დაახლოებით 50 – 100 დოლარის ფარგლებში შეამცირეს, მაგრამ პრობლემას ვერც ამან უშველა. უძრავი ქონების სააგენტოებში არ გამორიცხავენ, რომ ქირის ფასი სამომავლოდ კიდევ შემცირდეს. როგორც უძრავი ქონების აგენტები განმარტავენ, მოთხოვნა განსაკუთრებით იაფფასიან სახლებზე გაიზრდა. ასეთ ფართებს, უმეტესწილად, რაიონებიდან ჩამოსული ხალხი ქირაობს. თუმცა სიიაფე აქ მხოლოდ შედარებითია. თბილისის მასშტაბით, არ მოიძებნება უბანი, სადაც ბინა იაფად ქირავდება. თითქმის თანაბარი ფასი ადევს მოწყობილ და მოუწყობელ ფართსაც.

უძრავი ქონების სააგენტო ”ბერუკას” დირექტორი ავთანდილ გუგეშაშვილი ფიქრობს, რომ ლარის მორიგი გაუფასურების შემთხვევაში (თუ ტენდენცია გაგრძელდება), ბინის გაქირავება კიდევ უფრო გართულდება. ”ყველას დაბალფასიანი ბინის დაქირავება უნდა. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა იმდენად შემცირდა, რომ 300-400 ლარზე მაღალ ფასში ბინას ვერ ქირაობენ. ამ ფასად კი ფართი მხოლოდ გარეუბნებშია. ცენტრალურ უბნებში ბინის დაქირავება მინიმუმ 200-250 დოლარი ღირს. სტუდენტებისთვის ამ თანხის გადახდა პრობლემაა. შარშან გაცილებით ძვირად ქირაობდნენ, დაახლოებით, 300-350 დოლარის ფარგლებში და გადახდა არ უჭირდათ. დოლარის კურსმა თუ არ დაიწია, გაგვიჭირდება. არ გამოვრიცხავ, გასაქირავებელი ბინის ღირებულებაც შემცირდეს. მოთხოვნა არ არის და ბინის მფლობელებს სხვა გამოსავალი არ დარჩებათ”, - ამბობს გუგეშაშვილი და დასძენს, რომ მოთხოვნა უცხოელი სტუდენტების მხრიდანაც შემცირდა.

”წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქირაზე მოთხოვნა განახევრებულია. 300 დოლარი ეროვნულ ვალუტაში რომ გადავიყვანოთ, 700 ლარამდეა. სტუდენტისთვის ამ თანხის გადახდა ადვილი არ არის. რაც შეეხება გირაოს, მოთხოვნა, ძირითადად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისა და ინვესტორების მხრიდანაა.  შეიძლება ითქვას, სამშენებლო სექტორი ცოტათი გააქტიურდა. ვისაც ძველ ბინებს უნგრევენ, ქირით გაჰყავთ და ეს ტენდენცია უძრავი ქონების ბაზარზე კარგახანს გაგრძელდება.  წელს უცხოელი სტუდენტი ძალიან ცოტაა. შარშან ამ დროს მათი რიცხვი გაცილებით მეტი იყო. ვინც არის, ისიც იაფად ცდილობს ბინის დაქირავებას. ეს სტუდენტები, ძირითადად, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არიან და საშუალო ფენას წარმოადგენენ. უფრო სამედიცინო განათლების მისაღებად ჩამოდიან. ფასიდან გამომდინარე, გარეუბნებში ქირაობენ”, - აღნიშნავს ავთანდილ გუგეშაშვილი.

სტუდენტების მხრიდან მოთხოვნის შემცირებას ადასტურებს სააგენტო ”კიბის” დამფუძნებელი ნელი გოგუაძე. მისი თქმით, ცენტრალურ უბნებზე, სადაც ქირის ფასი მაღალია, მომხმარებელთა დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება.

”ივლის-აგვისტოსთან შედარებით, მდგომარეობა ცოტათი გამოცოცხლდა, თუმცა სტუდენტების მხრიდან მოთხოვნა კვლავ დაბალია. ამასწინათ შეკვეთა ნიგერიელი სტუდენტების მხრიდან მივიღეთ, მაგრამ იმდენად ნაკლებს იხდიან, რომ მათი მოთხოვნა ვერ დავაკმაყოფილეთ. ჩვენ, ძირითადად, თბილისის ცენტრალურ უბნებზე ვმუშაობთ, სადაც ბინის დაქირავება ყველას არ შეუძლია.  ზოგადად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია და ეს უძრავი ქონების ბაზარს დაეტყო კიდეც. რეალური შემკვეთის სიმცირეა. შარშან ძალიან მოთხოვნადი იყო მეტრო ”პოლიტექნიკურის” მიმდებარე ტერიტორია. წელს კი მსგავსი არაფერი დაფიქსირებულა. ბაზარზე კლიენტი იმდენად ნაკლებია, რომ ვფიქრობ, მშობლებმა სტუდენტი შვილებისთვის ან ბინა შედარებით იაფად დაიქირავეს გარეუბნებში, ან ნათესავებთან დააბინავეს”, - ამბობს ნელი გოგუაძე.

დილერების ინფორმაციით, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში მდებარე ფეშენებელური სახლების გაქირავებაა რთული. ასეთ სახლებს უცხოელები ქირაობდნენ. ახლაც ისინი რჩებიან ძირითად მომხმარებლად, თუმცა მათი მხრიდანაც აქტიურობა შენელდა.

”თბილისში მყოფი საშუალო შეძლების უცხოელები კი საცხოვრებლად გარეუბნებს ირჩევენ. ამ ტერიტორიაზე აკეთებენ არჩევანს სტუდენტებიც. ყველას უნდა ბინა იქირაოს მეტროსთან ან უმაღლეს სასწავლებელთან ახლოს, რისი შესაძლებლობაც ნაკლებადაა”, - ამბობს ლიკა ბენია, უძრავი ქონების აგენტი.

ბოლო პერიოდში საცხოვრებელი ბევრმა თბილისელმა დაკარგა და მათ დიდ ნაწილს ქირით უწევს ცხოვრება. ესეც, ბენიას შეფასებით, კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც თბილისში ბინის დაქირავება ჭირს.

”რაც ქირავდება, საკმაოდ ძვირია და სტუდენტებს თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. მათი უმრავლესობისთვის ცენტრალური უბნები ნაკლებად მიმზიდველია. ქირაზე მოთხოვნა ყოველთვის რაიონიდან ჩამოსული მოსახლეობის ხარჯზე იყო. ამას ემატება უბინაოდ დარჩენილი თბილისელების პრობლემაც. მათ დიდ ნაწილს ქირით უწევს ცხოვრება და ეს ფაქტორი ქირაზე ხელმისაწვდომობას საკმაოდ ართულებს”, - დასძენს უძრავი ქონების აგენტი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი „რეზონანსი“