"საქართველოს წლიურად სულ მცირე, 2-3 მილიარდი დოლარის საგარეო ინვესტიცია სჭირდება, რომ ლარი გამყარდეს"

ინვესტიციების ზრდა ყოველთვის უნდა ყოფილიყო და ახლაც უნდა იყოს ქართული დიპლომატიის პრიორიტეტი – ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში ვაშინგტონში მოქმედი ორგანიზაცია "ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს" პრეზიდენტი, პროფესორი მამუკა წერეთელი აცხადებს.

მისივე განმარტებით, ქვეყნის წინაშე მდგომი ამოცანები და გამოწვევები შეუძლებელია დაიძლიოს ძლიერი ეკონომიკის გარეშე. "ეკონომიკა, ბუნებრივია, არის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედი. ის განსაზღვრავს დიპლომატიის, საგარეო ურთიერთობების უზრუნველყოფას და რაც მთავარია, განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფას. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს ეს სფერო - ეკონომიკის გაჯანსაღება-გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა, რაც არის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი ეკონომიკის გაძლიერების. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეს საკითხი ყოველთვის უნდა ყოფილიყო და ახლაც უნდა იყოს ქართული დიპლომატიის პრიორიტეტი. კონკრეტული ადამიანების თანამდებობაზე დანიშნვა პოლიტიკური საკითხია, რომელიც პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას წარმოადგენს და ამიტომ მისი კომენტირებისგან თავს შევიკავებ. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს თემა საერთოდ იყოს პრიორიტეტული", - აცხადებს მამუკა წერეთელი.

ქართველი პროფესორი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, გაძლიერება და გაჯანსაღება, პირველ რიგში არის დამოკიდებული შიდა პროცესებზე - იმაზე, თუ რა ხდება თავად ქვეყანაში, როგორ ვითარდება ის, რამდენად თავისუფალი და გახსნილია ეკონომიკური გარემო.  "პატარა სახელმწიფოებს, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ დაალაგებენ ისინი თავიანთ ეკონომიკურ გარემოს და წყობას, აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დიდი ინვესტიციები, ჩაერთონ გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში და სერიოზული წვლილი შეიტანონ როგორც საკუთარი, ისე გლობალური ეკონომიკის განვითარებაში. ასე რომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ქვეყნის შიგნით როგორ დავალაგებთ ჩვენ ეკონომიკას და რამდენად გახსნილები ვიქნებით საგარეო ინვესტიციებისთვის, ზოგადად იმ ეკონომიკური პროცესებისთვის, რომელიც მსოფლიოში ხდება", - აღნიშნავს ქართველი პროფესორი.

მამუკა წერეთელი უშუალოდ ქართულ-ამერიკულ ბიზნეს-ურთიერთობებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დიდ პოტენციალს ხედავს ამერიკულ საშუალო და მცირე ბიზნესებთან თანამშრომლობაში. "მე ვხედავ დიდ პოტენციალს ამერიკულ საშუალო და მცირე ბიზნესებთან თანამშრომლობაში. არითმეტიკულად რომ შევხედოთ, 1000 კომპანია რომ შემოვიყვანოთ თითო მილიონიანი ინვესტიციით, ეს უკვე მილიარდი დოლარის ოდენობის უცხოურ ინვესტიციას უდრის. ძნელია, რა თქმა უნდა, ადვილი ნამდვილად არ არის. თუმცა, შესაძლებლად მიმაჩნია, რომ აქტიური მუშაობის შედეგად, მეტი ამერიკული კომპანია, მათ შორის საშუალო და მცირე ზომის, შემოვიდეს საქართველოში. მე ვთვლი, რომ ამერიკაში ჯერ კიდევ ძალიან დიდი პოტენციალია აუთვისებელი. ჩვენ, როგორც დიპლომატები, ისე დანარჩენი ორგანიზაციები, ძირითადად სულ რამდენიმე ქალაქში ვმუშაობთ. უმეტესად ეს არის ვაშინგტონი, ნიუ იორკი და შეიძლება კიდევ ერთი-ორი ქალაქი იყოს. რეალურად კი ამერიკა, რა თქმა უნდა, არ არის თითო ოროლა ქალაქი, უზარმაზარი ქვეყანაა, წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობების", - აცხადებს ის.

"ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს" პრეზიდენტის აზრით, საქართველოს წლიურად სულ მცირე, 2-3 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ინვესტიცია სჭირდება, იმისათვის, რომ წინ წავიდეს, ლარის კურსი გაძლიერდეს და გამყარდეს, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას.