მსოფლიოს ყველაზე ძვირი და იაფი ქალაქები საცხოვრებლად

შვეიცარიის ქალაქი ციურიხი საცხოვრებლად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქია.

შვეიცარიულმა ბანკმა UBS მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც სამომხმარებლო ფასებსა და ანაზღაურებას ეყრდნობა. რეიტინგს შვეიცარიული ბანკი 1971 წლიდან მოყოლებული ყოველ სამ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. რეიტინგის შედგენისას UBS-ის ექსპერტები მსოფლიოს 71 ქალაქში არსებულ ფასებს ადარებენ. ექსპერტები ასევე ითვლიან სამი ადამიანისგან შემდგარი საშუალო სტატისტიკური ოჯახის მომსახურების ხარჯებსა და სამომხმარებლო კალათს. კალათის დათვლისას გათვალისწინებულია 122 პროდუქტისა და მომსახურების ფასები. კალათში არ შედის სახლის იჯარისა და კომუნალური გადასახადები.

UBS-ის კვლევის შედეგად, შვეიცარიის ქალაქი ციურიხი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქია ცხოვრებისთვის. ციურიხში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია, სამწევრიან ოჯახს თვეში საშუალოდ 3 600 დოლარი ესაჭიროება.

რეიტინგის მეორე ადგილი კიდევ ერთ შვეიცარიულ ქალაქს - ჟენევას ერგო, სადაც სამკაციან ოჯახს ყოველთვიურად საშუალოდ 3 550 დოლარი ესაჭიროება.

აშშ-ის უმსხვილესი ქალაქი ნიუ იორკი მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა. UBS-ის კვლევის თანახმად, ნიუ იორკში სამკაციან ოჯახს ყოველთვიურად ცხოვრებისთვის საშუალოდ 3 300 დოლარი ესაჭიროება. თუმცა, კვლევა არ ითვალისწინებს ბინის იჯარის გადასახადს. ამის გათვალისწინებით, ნიუ იორკში ცხოვრებისთვის 3-წევრიან ოჯახს 4 300 დოლარი ესაჭიროება.

ათეულში ასევე მოხვდა ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო - 3 200 დოლარი, დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი - 2 900 დოლარი, ლონდონი - 2 850 დოლარი, ჩიკაგო - 2 800 დოლარი, ტოკიო - 2 750 დოლარი, ოკლენდი - 2 700 დოლარი, სიდნეი - 2 600 დოლარი.

კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე იაფი ქალაქი ცხოვრებისთვის უკრაინის დედაქალაქი კიევია. UBS-ის მონაცემებით, კიევში სამწევრიან ოჯახს ყოველთვიურად 1 237 დოლარი ესაჭიროება. საცხოვრებლად იაფი ქალაქების ხუთეულში ასევე მოხვდნენ სოფია, ბუქარესტი, მუმბაი და ნიუ დელი.

რაც შეეხება ანაზღაურებას, UBS-ის მონაცემებით, ციურიხში მცხოვრები ადამიანი საათში 41 დოლარს გამოიმუშავებს, რაც 21-ჯერ მეტია კიეველთა ანაზღაურებაზე.

UBS-ის კვლევის მიხედვით, თუ თქვენ კიევში ცხოვრობთ, 527 საათი უნდა იმუშაოთ იმისათვის, რომ iPhone6 შეიძინოთ, ხოლო თუ ციურიხში ახალი „აიფონის“ შესაძენად 20 საათი მუშაობაც საკმარისია.