ერთთვიანი აქციის ფარგლებში საქართველოს პასპორტი 100 ლარის ნაცვლად, 70 ლარი ეღირება

საქართველოს პასპორტი 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი ეღირება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 წლიანი მოქმედების ვადის მქონე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური აქციის პერიოდში იქნება 70 ლარი. პასპორტი გაიცემა განაცხადის მიღებიდან მეათე სამუშაო დღეს.

აქციით სარგებლობა შეუძლია 18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, ვისაც აქვს სურვილი აიღოს ან შეცვალოს პასპორტი.

"აქციის პირობები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად სარგებლობენ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შეღავათებით (მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები - პასპორტი გაიცემა უფასოდ; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები- პასპორტი გაიცემა უფასოდ; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები –პასპორტის საფასური 50 ლარი; მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – –პასპორტის საფასური 50 ლარი; უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია-პასპორტი გაიცემა უფასოდ; არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე – პასპორტის საფასური 50 ლარი)", - ნათქვამია განცხადებაში.

პასპორტის მისაღებად განაცხადის ჩაბარება მოქალაქეს შეუძლია იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, საზოგადოებრივ ცენტრში და ექსპრესს საზოგადოებრივ ცენტრში. პასპორტისათვის საჭირო ბიომეტრიული ფოტოსურათის ღირებულება შეადგენს 3 ლარს.