ე.წ. სამხრეთ ოსეთი ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საბანკო სფეროში დახმარებას გეგმავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა მზად არის ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას საბანკო სფეროში დაეხმაროს.

ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის ლიდერთან იგორ პლოტნიცკისთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენთან უკვე მოქმედებს საბანკო სფერო და მზად ვართ, დავეხმაროთ ლუგანკის რესპუბლიკასაც. ეს იქნება ლუგანსკელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა თიბილოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების პირველი პირები - ალექსანდრე ზახარჩენკო და იგორ პლოტნიცკი ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით ესტუმრებიან.