რუსეთი არაღიარებულ რესპუბლიკებზე ყოველწლიურად 5 მილიარდ დოლარს ხარჯავს

რუსეთი ყოველწლიურად, არაღიარებული რესპუბლიკების მხარდასაჭერად 5 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს. ამ დასკვნას კომპანია "სტრატფორის" ანალიტიკოსები აქვეყნებენ.

"დედა-რუსეთი გულმოწყალე ხდება, როდესაც საუბარი მათ პატარა "სახელმწიფოებს" ეხება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთს არაფერი რჩებოდა გაეკეთებინა იმის გარდა, რომ მხარი დაეჭირა ასეთი განდგომილი ქვეყნებისთვის, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის, ასევე დნესტრისპირეთისთვის. ამასთან, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, რუსი ჯარისკაცების რაოდენობაც იზრდებოდა ამ ტერიტორიებზე რესპუბლიკების დაფინანსების ზრდის პროპორციულად", - ნათქვამია ანალიტიკური კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

ამავე მოხსენების თანახმად, მოსკოვის მიერ აფხაზეთის ყოველწლიური მხარდაჭერა შეადგენს დაახლოებით 300 მილიონ აშშ დოლარს, უფრო ნაკლები - 100 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდება ე.წ. სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი. მათივე ცნობით, ამ თანხებით ადგილობრივ ბიუჯეტებს აფინანსებენ. ამასთან, ყირიმის დასაფინანსებლად 2,4 მილიარდი დოლარი იხარჯება, დონბასისთვის - 2 მილიარდი დოლარი.