დავით სერგეენკო დღეს დამსაქმებლებს შეხვდება

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს იმ დამსაქმებლებს შეხვდება, რომლებიც სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ვაკანსიების კვირეულში არიან ჩართულები.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის უშუალოდ დამსაქმებლებისგან მოსმენა და მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღვივება. სამინისტროს განცხადებით, სამუშაო ადგილები ძირითადად კერძო სექტორში იქმნება, ამდენად უმუშევრობის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა.  "ქვეყანაში დღეს, შრომის ბაზარზე გვაქვს მოთხოვნა-მიწოდებას შორის მკვეთრად გამოხატული დისბალანსი. დისბალანსის მიზეზები მრავალფეროვანია: კვალიფიციური კადრის ნაკლებობა, რეგიონული განვითარების პოლარიზაცია, დამსაქმებელთა მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, შრომის ფასი (დაბალი ხელფასები) და სხვ. დისბალანსის შემცირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის შრომის ბაზრის რეგულარული კვლევები", - აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, 2015 წელს პირველად ჩატარდა შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევები. თვისობრივი 240 კომპანიაში, რაოდენობრივი 6000 კომპანიაში.  სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტო გააგრძელებს კვარტალურ თვისებრივ კვლევებს 250 კომპანიაში რეგულარულად. ამ კვლევების მთავარი მიზანი იქნება რეგიონში მოთხოვნადი პროფესიების და ამ პროფესიებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამოვლენა.  "აღნიშნული კვლევის საფუძელზე დაიგეგმება და დადგინდება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების საჭიროება და პროფესიები; რაოდენობრივი კვლევის შედეგად გამოვლინდება შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის ძირითადი ტენდენციები და მოხდება მოთხოვნების პროგნოზირება; ჩატარებული თვისებრივი კვლევის საუძველზე დაიწყო პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა. პროგამის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადამზადდებიან 55 მოთხოვნად პროფესიაში განათლების სამინისტროს პროფესიულ-საგანამანათლებლო დაწესებულებებში მოკლევადიანი სასწავლო პროგრამებით. მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში, ასევე პროგრამის დასრულებისას სამუშაოს მაძიებლის საბოლოო შეფასებაში დარგის წარმომადგენელი დამსაქმებელთა მონაწილეობა", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, 2015 წლის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია სამუშაო ადგილებზე სწავლება - სტაჟირება.  "სტაჟირება განხორციელდება დამსაქმებელთან შეთანხმებით თავისუფალი სამუშაო ადგილების არსებობის შემთხვევაში, სტაჟირების ვადა არ აღემატება 3 თვეს. მიეცემათ სახელმწიფო სტიპენდია თვეში 150 ლარის ოდენობით. სტაჟირების მთავარ მიზანს წარმოადგენს დამსაქმებელის მიერ შერჩევის საფუძველზე მინიმუმ ერთი სტაჟიორის დასაქმება", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, ვაკანსიების კვირეული 22-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიმართება. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე შეარჩევენ მათთვის სასურველ კადრებს. დასაქმების კვირეულში 60-მდე კომპანია მონაწილეობს. დამსაქმებლებმა 255 პოზიციაზე, 610 ვაკანსია წარმოადგინეს.