რა უჯდება მევენახეს კახეთის რეგიონში 1 ჰა ვენახის მოვლა

შემთხვევის ანალიზი (Case Study) მუნიციპალიტეტების მიხედვით

რა უჯდება მევენახეს კახეთის რეგიონში 1 ჰა ვენახის მოვლა და მოსავლის აღება? რა რაოდენობით ყურძნის მოსავალს იღებს 1 ჰა ვენახზე? რა არის 1 კგ. საფერავისა თუ რქაწითელის თვითღირებულება 2015 წლის სეზონზე? და ა.შ. - ეს კითხვები ბოლო დროს არაერთხელ დაისვა ტელე და ბეჭდვით მედიაში. იყო ყურძნის თვითღირებულების კალკულაციის ცალკეული შემთხვევები, შემოსავალ-გასავლის შეფარდების მიხედვით.

ღვინის საინფორმაციო ცენტრი აგვისტოს დასაწყისიდან, ადრეული რთველის პერიოდში აღნიშნული საკითხების გარშემო ცალკეულ შემთხვევებზე დაფუძნებულ ჩაღრმავებულ კვლევას ატარებდა. გამოვკითხეთ კახეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის - გურჯაანის, თელავისა და ახმეტის, როგორც ორგანული, ასევე არაორგანული პრაქტიკის გამტარებელი მევენახეები.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არ არსებობს უნივერსალური მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი, შაბლონი, რის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ყურძნის თვითღირებულების განსაზღვრა სხვადასხვა პრაქტიკაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ფართობზე და ა.შ. ამიტომ ჩვენ თავს ვარიდებთ საშუალო ფასების დადგენას.

ამგვარი დათვლები, რასაც სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციები (მაგ. მედია, ბანკები) უძღვებიან, რამდენადმე, პირობითი და, ხშირ შემთხვევაში, არარეპრეზენტატულია. რადგან მათში არ არის გათვალისწინებული ის ფაქტორები, რამაც, შესაძლოა, ფასებში სხვაობები განაპირობოს.

ეს ფაქტორები შეიძლება იყოს:

ყურძნის ჯიში

- ერთი და იმავე ფართობის, მაგრამ განსხვავებული ყურძნის ჯიშის ვენახები სხვადასხვა რაოდენობის მოსავალს იძლევა.

- ვენახის მოვლისა და რთვლის პროცესში სხვადასხვა ჯიშის ყურძნით გაშენებული ვენახები რესურსებს სხვადასხვა ხარისხით საჭიროებს, მაგალითად, მწვანე ოპერაციებში საფერავი გაცილებით მეტ მუშახელს ითხოვს, ვიდრე - რქაწითელი.

ვენახის მდებარეობა

- ადგილობრივი მიკროკლიმატი და ნიადაგების სპეციფიკა ვენახის მოვლის (შეწამლვა, მოხნვა, კულტივაცია, მორწყვა და სხვ.) განსხვავებულ ხარისხს ითხოვს. ეს კი, ცხადია, ხარჯებშიც აისახება.

- ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზე დამოკიდებულია ვენახის მოსავლიანობა.

- მუშახელის ანაზღაურება და ტრანსპორტის მომსახურება რამდენადმე განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ვენახის ფართობი

- მცირე მევენახეებთან მუშახელი მეტ შრომით ანაზღაურებას ითხოვს, ვიდრე - დიდ საწარმოებთან, სადაც მათ სტაბილურ ანაზღაურებას სთავაზობენ.

- იმ მევენახეებს, ვისაც მიწის გადასახადი ეკისრებათ, ფართობის პროპორციულად ეზრდებათ გადასახადი.

ვენახის ასაკი

- ვენახის ასაკი კავშირშია მის მოსავლიანობასთან.

- ძველი ვენახების მფლობელები სახელმწიფოს მიწის გადასახადებს არ უხდიან, ახალი ვენახების მფლობელებს აღნიშნული ხარჯი ეკისრებათ.

ფასების ცვლილებას, ცხადია, განაპირობებს ის ფაქტორი, თუ რამდენადაა ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ესა თუ ის მევენახე. მაგალითად, თუ ზოგიერთი მათგანი ტექნიკის დახმარებით წამლავს ვენახს (მათ შორის კი - მავანს თავად ჰყავს ტრაქტორი, ან - ქირაობს მას), სხვა, შესაძლოა, ხელის შრომით (მუშახელით, ან თავად) აგვარებდეს ამ პრობლემას და ა.შ.

ზოგიერთი მევენახე საკუთარ ვენახს თავად უვლის. ცხადია, მისი შრომის შეფასება რთულია და ეს ფაქტორი მსგავს კალკულაციებში მხედველობის მიღმა რჩება. ამიტომ ჩვენი ყურადღების ფოკუსში ის ადამიანები მოექცნენ, რომლებიც ვენახის მოვლაში მუშახელს ქირაობენ.

ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული ფაქტორი საბოლოო მონაცემებში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ცალკე წარმოგვედგინა თითოეული უნიკალური შემთხვევა. კახეთის სამი მუნიციპალიტეტიდან - გურჯაანიდან, თელავიდან და ახმეტიდან შევარჩიეთ სამ-სამი მევენახე, რომლებმაც ერთსა და იმავე ფართობზე (0.5 ჰა) შემოგვთავაზეს ვენახის მოვლისა და მოსავლის აღების თავიანთი კალკულაცია, აგრეთვე, მოსავლის რაოდენობა იმავე ფართობის მიწის ნაკვეთზე. თითოეული შემთხვევის დეტალური ანგარიში შეგიძლიათ, იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

იხილეთ გაგრძელება