წყალმომარაგებაში დამტკიცებული 22 პროექტი პრობლემების წინაშე დგას

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე უამრავი მასშტაბური პროექტი ხორციელდება, მათ შორის ავტობანის, წყლისა და კანალიზაციის მოწესრიგებისთვის.

„ზუგდიდის წყალმომარაგებაზე ტენდერი, პრაქტიკულად, დასრულდა, ფოთში კი ანალოგიური ტენდერი ამ დღეებში გაიხსნება. თავდაპირველად წყალმომარაგებაში 28 სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმებოდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და საბოლოოდ 22 პროექტი დამტკიცდა. ეს 22 პროექტიც დღეს პრობლემების წინაშე დგას, რადგან მისი დაგეგმვისას დონორის მოთხოვნები არ შესრულებულა - უნდა გაკეთებულიყო ევროპული სტანდარტის პროექტი, თუმცა ის საბჭოთა სნიპებით (სამშენებლო ნორმები) შესრულდა. ასეთი პროექტი კი, ბუნებრივია, არც ერთმა დონორმა არ დააფინანსა. ამის გამო პროექტების გადაკეთება დაიწყეს, თუმცა ისევ სნიპებით. მთელი წელი ამ ხარვეზების გამოსწორებას მოვანდომეთ. იმედია, წლის ბოლომდე პროექტირება დასრულდება“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.