ნოდარ ხადური: ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები სრულად ამოწურულია

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები სრულად ამოწურულია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ნოდარ ხადურის კომენტარს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. "ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, უნდა აღინიშნოს, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს და არც ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფინანსირების სესხებს, გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია," - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობენ. "მუდმივად გვაქვს ინფორმაციის გაცვლის რეჟიმი და კოორდინირებულად ვმუშაობთ," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.