გიორგი ალიბეგაშვილის აზრით, მეტროს მშენებლობის შემდეგ, "პანორამა თბილისის" მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის აზრით, მეტროს მშენებლობის შემდეგ, დედაქალაქში "პანორამა თბილისის" მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა. ამის შესახებ ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვის კომენტირებისას განუცხადა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ის გაეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების წერილს, შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება რაც გასათვალისწინებელია, ხოლო რაც ვიღაცის პირად ემოციებზეა დაყრდნობილი, ყურდაღებას ვერ მიაქცევენ. "მსგავსი პროექტი უნდა განხორციელდეს იმიტომ, რომ თბილისი იმ პრეტენზიის ქალაქია, რომელიც უნდა გახდეს არა მხოლოდ კავკასიის რეგიონული ცენტრი, არამედ ახლო აღმოსავლეთის. მსგავს პროექტებს, რომლებიც დაამშვენებს, გაალამაზებს ჩვენს დედაქალაქს, ბუნებრივია, ხელს შევუწყობთ", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე, წამყვანი ბრიტანული და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები "პანორამა თბილისის" მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. "მოგმართავთ თხოვნით, გადადგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ აღნიშნულ წინადადებაზე უარი ითქვას და თბილისის ისტორიული უბნები დაცული იყოს მშენებლობისგან", - ნათქვამია წერილში.

ათზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის ორგანიზაცია "დავიცვათ ევროპის მემკვიდრეობა", საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს წერილით მიმართავენ. მიმართვის ადრესატები არიან ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრები და თბილისის მერი დავით ნარმანია. "თბილისი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული ისტორიული დედაქალაქი, ამჟამად საფრთხის ქვეშაა", - ნათქვამია წერილში, რომლის ხელმომწერთა მოსაზრებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში დედაქალაქში განხორციელებული ახალი სამშენებლო პროექტები ჩრდილავენ მის ისტორიულ ნაწილს. წერილის ავტორების მოსაზრებით, თუ თბილისი ისტორიულ იერს დაკარგავს, ის ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდება.  საერთაშორისო ორგანიზაციები ასევე, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობის წევრებს, დაიცვან ქალაქის ისტორიული ნაწილი და აღნიშნავენ, რომ დედაქალაქის მომავალს საერთაშორისო საზოგადოება დიდი ინტერესით აკვირდება. აღნიშნული წერილი 18 სექტემბერს არის გამოქვეყნებული.