"ამ ეტაპზე კრიზისული პერიოდი გადავლილია, ლარის კურსი პიკშია"

დაუშვებელია ეროვნულ ვალუტაზე ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც მთავრობის ეკონომიკურ განდთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ყველას, რომ მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მიუდგნენ ისეთ საკითხებს, რომელიც ეროვნულ ვალუტას ეხება. "მინდა ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მივუდგეთ ისეთ საკითხებს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ვალუტას ეხება. ამ პროცესში მედიის როლი არის განსაკუთრებული. თქვენ როგორ მიაწოდებთ საზოგადოებას, რა ფორმით გექნებათ კომუნიკაცია, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩვენ მაქსიმალურად შევთანხმდით, რომ ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, მე პირადად, მთელი მთავრობა ვიქნებით მოწოდებული, რომ მაქსიმალურად ღია კომუნიკაცია გვქონდეს საზოგადოებასთან, ჩვენ ხალხს ავუხსნით მოლოდინებს, ვეტყვით პროგნოზებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კრიზისული პერიოდი გადავლილია. "ლარის კურსი პიკშია. ყველა პროგნოზის, ანალიზის გათვალისწინებით, სიტუაცია ქვევით უნდა ჩამოვიდეს და დასტაბილურდეს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა მიმართა ყველა პოლიტიკოსს, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლმენტო ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს, ექსპერტებს, რომ "აქ ყველას უნდა ახსოვდეს მთავარი – ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები". "დაუშვებელია ეროვნულ ვალუტაზე ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება. იმედი მაქვს, ამას ყველანი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.