სავაჭრო ქსელში მცენარეული ცხიმით დამზადებულ პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა

რა შედეგები მოიტანა რძის ტექნიკური რეგლამენტის შემოღებამ?

რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლის პირველი აგვისტოდან შევიდა ძალაში. რეგლამენტის მიხედვით, დაუშვებელია ეტიკეტზე ეწეროს რძის ნაწარმი, თუ პროდუქტი სინამდვილეში არ წარმოადგენს რძეს ან რძის ნაწარმს. აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა ეწეროს რძის შემცვლელი პროდუქტი, მაგალითად: "კარაქისებრი", ან "კარაქის მსგავსი", "არაჟნისებრი" ან "არაჟნის მსგავსი". ამგვარი წარწერების გაკეთება ეტიკეტზე მხოლოდ 2016 წლის პირველ აგვისტომდეა დასაშვები. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, რძის შემცვლელ პროდუქტზე რძის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინების (არაჟანი, კარაქი, რძე…) გამოყენება საერთოდ აიკრძალება.

რა ხდება სავაჭრო ქსელში? ხომ არ შემცირდა იმ პროდუქტის რეალიზაცია, რომელიც მცენარეულ ცხიმზეა დამზადებული? - ამ საკითხის გასარკვევად რძის კომპანიის წარმომადგენლებს და რეალიზატორებს მივმართეთ. როგორც მაღაზიებში და მსხვილ სუპერმარკეტებში აცხადებენ, მცენარეულ ცხიმზე დამზადებული პროდუქციის რეალიზაციამ მართლაც მოიკლო. კონსულტანტების თქმით, ასეთ პროდუქტს აშკარად მოაკლდა მყიდველი: "მომხმარებლები საგანგებოდ კითხულობენ, რომელი პროდუქტია ნატურალური და რომელი - არა. როდესაც გვერდიგვერდ დევს ორი არაჟანი - ერთს აწერია "არაჟანი" და მეორეს - "არაჟნის მსგავსი" მცენარეული ცხიმით, ამ უკანასკნელს ნაკლებად ყიდულობენ. ბევრს ურჩევნია დაამატოს 40 თუ 50 თეთრი და ნატურალური ნაწარმი იყიდოს. "უკვე A და B წარწერასაც კი არჩევენ - A ჩვეულებრივი რძისგან დამზადებულ პროდუქტს აწერია, ხოლო B - რძის ფხვნილისგან დამზადებულს. ხშირად მაღაზიებში ბავშვებიც კი კითხულობენ ეტიკეტზე წარწერებს", - გვითხრეს ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში.

რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობს შპს "ჯორჯიან მილკ"-ის ხარისხის მენეჯერი თამაზ მახარაშვილიც:

- ბუნებრივია, ახალმა რეგულაციამ მოსახლეობის განწყობაზეც იმოქმედა და ჩვენს საქმიანობაზეც, თუმცა ყველაფერს რეგულაციას ვერ დავაბრალებთ, ჩვენი გაყიდვების შემცირება დოლარის კურსის ცვალებადობამაც გამოიწვია. შესაბამისად, მოგების მარჟაც შეგვიმცირდა. ამ რეგულაციის შემოღებიდან ერთი თვეა გასული, ამიტომ ფინანსური ანალიზი ჯერ მაინც ნაადრევია. მხოლოდ წლის ბოლოს შეიძლება საბოლოო დასკვნების გაკეთება. უნდა ითქვას, რომ საქართველოში არ არის იმდენი ნატურალური რძე და ნაღები, რომ მოსახლეობას ეყოს, ამიტომაც არის საჭირო იმპორტირებული ნედლეულის დახმარება. მაშინაც კი, როცა ქვეყანაში არის ჭარბი ნატურალური რძე, ისიც ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ამიტომ, რძის პროდუქტების დიდი ნაწილი რძის ფხვნილზე მზადდება, რომელიც ხშირად იმპორტირებულია.

თამაზ მახარაშვილის თქმით, მცენარეულ ცხიმზე დამზადებული პროდუქციაც არ არის მავნე: "ევროპის ქვეყნებში მცენარეულ ცხიმზე დამზადებული პროდუქტები უფრო ძვირიც კია იმიტომ, რომ ის ქოლესტერინს არ შეიცავს. ამიტომ, ვისაც ჭარბი ქოლესტერინის მიღება არ სურს, მცენარეულ პროდუქტს ყიდულობს",  -ამბობს ის.

კომპანია "სანტე ჯი მე თი პროდუქტების" გენერალური დირექტორი ერეკლე გამყრელიძე კი აცხადებს, რომ გაყიდვების შემცირება არ უგრძვნიათ:

- ჩვენი კომპანიის პროდუქცია მხოლოდ და მხოლოდ რძის ნაღებისაგან მზადდება, ამიტომ გაყიდვების შემცირება ჩვენ არ შეგვინიშნავს. როგორც ვყიდდით მანამდე მაწონს, არაჟანს და ხაჭოს, ახლაც ასე ვყიდით. ყველა ჩვენს პროდუქტში ვიყენებთ ცხოველურ რძის ცხიმს ანუ ნაღებს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ჩვენვე მოვიპოვებთ შემგროვებელი პუნქტებიდან. ჩვენი კომპანია ნატურალურ რძეზე მუშაობს, ზაფხულის პერიოდში, როდესაც რძის პროდუქტი ჭარბია, ნატურალურ რძეს ვიყენებთ, ხოლო ზამთარში - აღდგენილ ანუ მშრალ რძეს, რომელიც ასევე რძის პროდუქტია. დღეს ქართულ ბაზარზე მცენარეულ ცხიმზე დამზადებული პროდუქციაც არის, მაგრამ ჩვენ ასეთი პროდუქცია არა გვაქვს, რადგან მცენარეულ ცხიმს არ ვიყენებთ. მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩავდეთ რძის შემგროვებელი პუნქტების შექმნაში. ყველა მსხვილი ფერმერული მეურნეობა ჩვენი კონტრაქტორია. საქართველოს რეგიონებში დაახლოებით 15 პუნქტი გვაქვს გახსნილი, რომელიც რძით გვამარაგებს. მოკლედ, როგორც ვმუშაობდით 1 აგვისტომდე, ახლაც ისევე ვმუშაობთ.

bpn საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელ ნინო ზამბახიძესაც დაუკავშირდა. მისი თქმით, დღეს საქართველოს მართლაც არ შეუძლია მოსახლეობის 100 პროცენტით ნატურალური რძით უზრუნველყოფა.

"შეიძლება გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში ეს შევძლოთ, რადგან ამ დროს რძის ჭარბი რაოდენობა გვაქვს. ზაფხულიდან რძე იკლებს და ამის შესაძლებლობაც იკარგება, თუმცა, კომპანიას, რომელსაც კავშირი აქვს ფერმერებთან, შეუძლია აწარმოოს მცირე რაოდენობით პროდუქცია, მაგრამ ნატურალური. მე მაგალითად, ასეთი გზა ავირჩიე - არ ვაწარმოებ რძემჟავას, მაგრამ პროდუქციას 100 პროცენტით ნატურალური რძისგან ვამზადებ. მართალია, წარმადობა ცოტა მაქვს და მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაში შემაქვს, მაგრამ არანაირ მინარევს არ ვუმატებ. პირუტყვი რომ შრება, საქართველოში ნატურალური რძე დეფიციტური ხდება, ამიტომაც არის საჭირო რძის ფხვნილის გამოყენება, თუ ნატურალური მასალისაგან მზადდება, ესეც იგივე რძეა.

რაც შეეხება მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ პროდუქტს, ყველამ იცის, რომ ის მომწამვლელი არ არის, მაგრამ ის შემცველობა არა აქვს, რაც ნამდვილ რძის ნაწარმს უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ბევრს ურჩევნია გადაიხადოს დავუშვათ, 5 ლარი და იყიდოს 100-პროცენტიანი რძის ნაწარმი, ვიდრე მცენარეული ცხიმით დამზადებული შეიძინოს, რომელიც 4-4,5 ლარი ღირს. აქამდე მომხმარებლები ორივე პროდუქტში ერთნაირ თანხას იხდიდნენ. ამ რეგულაციით კი, ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნა: ის, ვინც თავის პროდუქციას ნატურალური რძისგან ამზადებს, თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმასთან, ვინც მასალად მცენარეულ ცხიმს იყენებს. ვფიქრობ, რომ ეს დადებითი მოვლენაა", - აცხადებს ნინო ზამბახიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე