პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობისაკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას, ეროვნულ ბანკს და ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობისაკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა. "საქართველოს პრეზიდენტმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რათა კონსტიტუციური ინსტიტუტის - ეროვნული ბანკის დასუსტება და დანაწევრება არ მომხდარიყო.  ვინაიდან აღნიშნული, მცდარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, საჭიროა, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ახლადშექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობა, რათა საზოგადოებამ თავიდან აიცილოს ვალუტის კურსიდან გამომდინარე შემდგომი დანაკარგები", - განაცხადა აბაშიშვილმა.

ამასთან, ის მმართველი გუნდის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკიდან გამოყოფის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება არასწორია და როგორც აღნიშნა, "ნათელია, რომ მიღებულ კანონთან და ვეტოსთან დაკავშირებით დარჩა ერთადერთი მოტივი, რაც პრეზიდენტთან დაკავშირებული კონსტიტუციური ინსტიტუტების ფუნქციების შესუსტებას უკავშირდება".

"საგულისხმოა, რომ ვეტოს დაძლევის შემდგეგ სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები, მმართველი გუნდის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკიდან გამოყოფის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება არასწორია. ნათელია, რომ მიღებულ კანონთან და ვეტოსთან დაკავშირებით დარჩა ერთადერთი მოტივი, რაც პრეზიდენტთან დაკავშირებული კონსტიტუციური ინსტიტუტების ფუნქციების შესუსტებას უკავშირდება და სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი კეთდება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკის ქვეშ დაყენების ხარჯზე.

მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, პირველ რიგში სავალდებულოა გათვალისწინებულ იქნას მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.  კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შესაბამის ინსტიტუტებს კოორდინერებული მუშაობისა და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებისაკენ", - განმარტა გიორგი აბაშიშვილმა.