აჭარაში სასტუმროს მფლობელები მოგების სიმცირეს უჩივიან

აჭარაში ტურისტული სეზონი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ადგილობრივი სასტუმროს მფლობელები მოგების სიმცირეზე ალაპარაკდნენ.

ბათუმში მდებარე სასტუმრო ,,ელეგანტის" დირექტორი, მარინე მესხი bpn-თან საუბარში ამბობს, რომ ვალუტის კურსის ცვლილებამ მათ შემოსავალზეც უარყოფითად იმოქმედა. ,,გასული წლის მსგავსად, დამსვენებლების რაოდენობა წელსაც საკმაოდ დიდი იყო. თუმცა, ჩვენ ვეცადეთ შარშანდელი ფასები შეგვენარჩუნებინა, ამიტომაც შემოსავალი გვქონდა, მაგრამ კურსის გამო მოგება შემცირებულია."

მისი თქმით, სეზონის დასაწყისი პასიური აღმოჩნდა, რაც წვიმიანმა ამინდებმა გამოიწვია, მაგრამ ივლისიდან მოყოლებული ტურისტების ნაკადი ჩამოდიოდა, როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან.

სასტუმრო ,,მონტე კარლოს" ადმინისტრატორის, ალი სურმანიძის თქმით, წელს დამსვენებლების რაოდენობამ გასულ წელთან შედარებით მცირედით მოიკლო, რაც მათ შემოსავალზე უარყოფითად აისახა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მიუხედავად სამიზნე ქვეყნებში არსებული ეკონომიკური კრიზისისა, წელს ტურისტული ნაკადის არა თუ შემცირება, არამედ 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, სამ პროცენტამდე ზრდა დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტატისტიკა ეყრდნობა მხოლოდ აჭარის სასტუმროებში რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებს. ჯერჯერობით არ ვაწარმოებთ საოჯახო ტიპის სასტუმროების შესწავლას, შემდეგი წლის მონაცემებში ამ ცვლილებას აუცილებლად შევიტანთ, რათა სრული სურათი გვქონდეს სახეზე. ოქტომბრის დასაწყისში საბოლოოდ შევაჯამებთ სეზონს და დეპარტამენტის საქმიანობის 9 თვის ანგარიშიც გვექნება. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ტურისტების ნაკადი იმ ქვეყნებიდან არის მომატებული, სადაც სარეკლამო კამპანიები ბოლო წლებში დავიწყეთ - ბელორუსი, ყაზახეთი, ლიტვა. გააქტიურებულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც. რაც შეეხება ფასებს, ფასების პოლიტიკას კერძო სექტორი აბალანსებს და ამას ჩვენ ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ ხოლმე“, - აღნიშნა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელმა სოფო გუჯაბიძემ.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იანვარ-აგვისტოს პერიოდში 852 337 ათასმა უცხოელმა გადმოკვეთა, რაც წინა წლის მონაცემებს 10%-ით აღემატება.

ქრისტინე გამთენაძე